კაცია-ადამიანი?!
XIII
მკითხავმა მეტად მტკიცედ დააჯერა ცოლ-ქმარი, რომ შვილი ეყოლებათ. ამ იმედს მცირედი ეჭვიც არ შეურყევდათ. ამ დაჯერებამ იქამდინ მიაღწია, რომ ერთს მშვენიერს დღეს დარეჯანს ეჩვენა, ვითომც მუცელში ყმაწვილმა გაუჩუჩუნა. რასაკვირველია, გახარებულმა კნეინამ მაშინვე ლუარსაბს ახარა.
— მართლა გაიჩუჩუნა? — წამოიძახა სიხარულისაგან გონებამიხდილმა ლუარსაბმა.
— რას ამბობ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!.. დარბაისელი დედაკაცი სიხარულისაგან კინაღამ არ შევხტი, მაგრამ მომაგონდა, რომ მუცელი წამიხდება-მეთქი, და შენ მაინც კიდევ არა გჯერა.
— უი, შენ კი ჩაგეკონე მაგ გემრიელ სულშია! ბარაქალა, რომ არ შეხტი, თორემ მუცელი წაგიხდებოდა. იმ სიხარულში ეგ როგორღა მოგაგონდა! მე კი — მე და ჩემმა ღმერთმა — შევხტებოდი, მერე ისე შევხტებოდი, რომ დავცემულიყავი, კიტრსავით გავსკდებოდი. დაუდგეს თვალი დავითსა! ფერხული, აბა, ეხლა დაუაროს, აი! მაშ დღეს მე და შენ ერთი კაი ქეიფი გავწიოთ, ერთი კაი წითელი ღვინო ავახდევინოთ, რომ შვილის სადღეგრძელო დავლიოთ. ურაა! — დაიყვირა ლუარსაბმა და, რადგანაც გულდაღმა იწვა, თავისებურად, ტახტზედ, ერთი ფეხიც აიშვირა მაღლა და მანამ “ურა” არ გაათავა, ფეხი არ ჩამოუღია.
ეს ამბავი სადილობის დროს მოხდა. აახდევინეს წითელი ღვინო. ცოლ-ქმარნი, დაჯერებულნი, რომ მემკვიდრე ეყოლებათ და დავითიანთ თვალები დაუდგებათ, სადილზედ გამხიარულდნენ. ნამეტნავად ლუარსაბი შექეიფიანდა და კარგად გამოიბრუჟა. ელისაბედი ამბობდა, რომ ვითომც დარეჯანსაც უყვარსო ღვინის სმა. ეს კი ვიცი, რომ იმ სადილზედ ამანაც გადუსო ორიოდ ჭიქა. ლუარსაბმა სამი ჭიქა ერთად ჯერ არ-დაბადებულის შვილის სადღეგრძელო გადაჰყლაპა და ალავერდი დარეჯანთანაც მივიდა. დარეჯანმა, თუმცა ესეც ჩაღლეული იყო, მაგრამ დედაკაცობის პატივი შეინახა და ჭიქა თუმცა ჩამოართო, სულ არ დალია.
— დალიე, შენ გეთაყვანე! — ეუბნებოდა მთვრალი ლუარსაბი, — ეხლა ქეიფს ნუ წამიხდენ. ჩვენის შვილის სადღეგრძელოს როგორ არა სომ? თუ მე და შენ არ დავლევთ, მაშ ვინ უნდა დალიოს? ღმერთი გვიწყენს, იტყვის: მე შვილი მივეცი და ისინი სადღეგრძელოსაც არა სმენო. ნუ აწყენინებ მოწყალე ღმერთსა, ძლივს კაი თვალით არის ჩვენზედა. მეც ქეიფს ნუ წამიხდენ. დალიე, გეთაყვანე!
უთხრა და მიაწოდა ისევ ჭიქა.
დარეჯანმა ჩამოართო ჭიქა, მაგრამ ისეთის მორცხობით, ისეთის თვალების ხამხამით და გემრიელ ღიმილით, რომ მე მაშინვე მივხვდი, რომ კნეინა უამისოდაც გადაკრულია. ჩამოართო და გადაჰკრა. სასაცილო რამ იყო კნეინა: ღვინო თან-და-თან ეკიდებოდა, ლოყები აუხაშხაშდა კიდეც, ტუჩებს ღიმილი მიეკრა ზედა და აღარა ჰშორდებოდა. ქვევითი ტუჩი ძირს ჩამოეშვა და დორბლმა დენა დაუწყო, თვალები აემღვრა და თავის-თავად ეხუჭებოდა, — ერთის სიტყვით — დარეჯანი ქეიფზედ იყო. ლუარსაბიც დაითვრა. მიუშვა აღვირი ღვინოსაგან მოდუნებულს ენასა და მოჰყვა უგზო-უკვლო ტიტინს, დარეჯანი სულ თავს აცანცარებდა და შესცინოდა.
— ვენაცვალე კახეთსა! — ამბობდა მთვრალი ლუარსაბი ენადაბმით, — ვენაცვალე! ეგ რომ არა ყოფილიყო, არც კახური იქნებოდა. მაშინ მე რაღა კაცი ვიქნებოდი? ჩემს გათქმულ სახელსა მაშინ ვინღა მოიგონებდა? დღეს თუ ლუარსაბის სახელი იხსენება სადმე, ღვინის მადლობელი უნდა ვიყო. თუ კაცი ვარ მე დღეს, აი, ამ შავის ყურძნის წვენითა ვარ კაცი! ჩემოდენას საქართველოში ორიც არ დალევს, დიდი მსმელი ვარ. მე რომ სიმღერა ვიცოდე, მთელის კახეთის ღვინო არ მომერევა. ეს არის რომ არ ვიცი და! სიმღერა ღვინოს ანელებინებს და! თორემ სხვაფრივ რა მიჭირს: ფაშვი კაი მსმელისა მაქვს, აქ თუნდა ოთხი ჩაფი ღვინო ჩაეტევა. ხომ გახსოვს ის იმერელი? აი, რომ მოვიდა, დადიანის „პოვერნია“ ვარო? „პოვერნია“ კი არა, — შენც არ მამიკვდე — ის ძალად გამოგზავნეს იმერლებმა: აბა წადიო, კახეთში ერთი დევი კაცი არისო, ლუარსაბ თათქარიძე, ოღონდ ის კი დაგვითვრეო და ნახევარ იმერეთს შენ მოგცემთო. ეხლა იმან მე რომ დამინახა, მაშინვე მიხვდა, რა კაციცა ვარ, იმიტომ „პოვერნიობა“ დაირქვა, სახელი არ წამიხდესო. კვეხნაში კი ნუ ჩამომართმევ და ჩემი სახელი სათათრემდინ არის გავარდნილი, იმერეთშიაც მისულა ჩემი ქება. მაგრამ აი, ამ შენმა უხეირო ლუარსაბმა ასე გაგიხადე ის ფხიკიანი იმერელი, რომ, რომ... სულ ჩემი მზე ვაფიცებინე. თითონვე თავის პირით მითხრა: ბაყბაყ-დევი ხარო. თითიც მომიკაკვა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: სანაძლევო მოიგეო, ნახევარი იმერეთი შენი უნდა იყოსო. რომ მეჩივლა, რასაკვირველია, იმ ნახევარს გამოვიტანდი, მაგრამ ჩვენი მამა-პაპის მამულებიც მაშინ ისე ოხრადა გვრჩებოდა და იმერეთი რაღად მინდოდა? ეხლა ოხრად აღარ დაგვრჩება: ვენაცვალე შენს სტომაქსა! ეხლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და, მგონია, წითელ ღვინოში ჭყუპალაობს. უჰ, შენი კი ჭირიმე! მოდი ერთი ეგ ნაზი ტუჩები ამოგწუწნო! ეხლა ეგეც ხომ შვილი გვეყოლა, აბა ეხლა მაგის ქორწილზედ ვიფიქროთ. იცი, რა, დარეჯან? შენ ხომ ბრძენი დედაკაცი ხარ და არც მე ვარ — ღვთის მადლით — სულელი, თოთხმეტის წლისა შესრულდება თუ არა — აბა, იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, — შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ, რაღას უნდა მოვუცადოთ? ეხლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი — ღვთის წყალობა შენა გაქვს — ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო... ეხლა იმ იმერელს რომ ვაჯობე, იცი, რა ვუთხარი? წადი-მეთქი, სადაც შენი სთქვა, იქ ჩვენიცა სთქვი-მეთქი, და იმერლებსაც უთხარი, რომ, რაც თქვენ კრიკინას წვენი გამოუვა, ერთ „ყლაპად“ არ მეყოფა-თქო, და „ყლუპი“ კი კიდევ თქვენზედ დარჩება-თქო. აი, ამისთანა კაცები ვართ კახეთში-მეთქი. მაშ!.. თუ ღმერთი გწამს — კარგად არ მითქვამს?
— კარგად და პატიოსნად.
— მაშ, მოდი ერთი კიდევ ამოვწუწნო ეგ შენი მარწყვი ლოყები. ეხლა, დარეჯან, შვილის ქორწილში ლეკურს არ ითამაშებ?
— რატომ.
— ჰო, გეთაყვანე! მოდი, იცი, რა ვქნათ? მითამ ეხლა ქორწილია: აბა ერთი... ერთი შენებური დიდოური... მე „განდიდურს“ დაგძახებ. თუ გიყვარდე, აი! მითამ ქორწილია. თუნდა ლეკური იყოს, ჰა! მე „პაწპაწინა ნიგვზის ტოტს“ დაგძახებ. ჰა და პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასა!.. ურაა!.. აი, გიდი!.. ქუდი ჭერში!.. კახური კა... ცის... ჭი... რი... იი... მეე... ჩა... აა... რაკ... რაა... კებს... კუ... უუ... ლა... სა... იმ იმერელსაც... კაი... საქმე... დავმარ... დავითსაც... თვალიმც... გამოს... ძრო... მია... ურაა!..
ყროყინებდა სიმღერის ხმაზედ გაბრუჟებული ლუარსაბი, ჰბოდავდა რაღაცეებსა და ამ ბოდვაში ჩაეძინა კიდეცა.