კაცია-ადამიანი?!
... IV
ელისაბედმა დაბალ ხმით დაიწყო:
— ამ წინაზედ რომ კუდიანი ვარსკვლავი ამოვიდა, ხომ გახსოვთ?
— დიაღ, — მიუგეს ერთ-ხმით ცოლ-ქმარმა.
— იმ დღეს თურმე გველეშაპი გამოსდგომოდა მზესა, — ისიც ხომ გაიგეთ?
— დიაღ, დიაღ, გავიგეთ! — წამოიძახეს ერთად შეშინებულმა ცოლმა და ქმარმა.
— იმ კუდიან ვარსკვლავზედ და გველეშაპზედ სომხების ტერტერებს თავიანთი კარაბადინი გაუშლიათ და უთქვამთ, რომ — აქ უფრო ხმა დაიდაბლა — თავადიშვილებს ყმები ჩამოერთმევათო.
— ვაი შენს ლუარსაბსა! — წამოიძახა ფერწასულმა ლუარსაბმა. — ეგ რა სთქვი, რა? აკი მოგახსენეთ, ბატონებო, რომ წარღვნა უნდა მოვიდეს-მეთქი. აი, ღვთის წყრომა! სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამა-ჩემი ზაალ ნუ წამიწყდება, რომ წავალ, ზაქარიას ცოლსაც, ლევანსაც, ნიკოლოზსაც წიხლ-ქვეშ გავიგდებ, რომ ეს ამბავი სულ იმათი უნარია. კიდევ ატარონ ქირაზედ ურმები!
— რაზედ გაცხარდი, შენ გეთაყვანე! — მიატანა ლუარსაბსა ცოლმა, — სომხების კარაბადინს როგორ უჯერებ! შარშანწინ კი არა სთქვეს, რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას. იმ ხარს ერთი რქა მოსტეხია და ქვეყანა უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი კი გამოდგა. გარეჯელ მკითხავს ეთქო, რომ არც რქა მოსტეხია და არც არაფერიო.
— მართლა, ეგ კი აღარ მომაგონდა — სთქვა ეხლა კი დამშვიდებულმა ლუარსაბმა, — ჭორი იქნება. აბა, გეთაყვა, მეფის ერეკლეს ნაბოძებს სომხის კარაბადინის სიტყვით ვინ წამართმევს? თუნდ ეგ არ იყოს, რიღას თავადიშვილი ვიქნებით, თუ ყმაც არ გვეყოლება: კარაბადინი კი არა, სოლომონ ბრძნის წიგნიც რომ იყოს, არ დავიჯერებ. ან რა დასაჯერია?
— რასაკვირველია, დასაჯერი არ არის, მაგრამ გლეხობაში ეგ ხმა გავარდნილა, — ეგ ცუდია, თქვენმა მზემ, — სთქვა ელისაბედმა.
— ხმა გავარდნილა, მე ვიცი, თათქარიძობას წამართმევენ! შარშან კი არ იძახდნენ, რომ საიქიოს ბატონები ყმებად შეიცვლებიანო, ყმები ბატონებადაო, — ვენაცვალე ღვთის მადლს, იქაც ისე არიანო ბატონი ბატონადა, ყმა ყმადაო, როგორც აქა. ინგლისის ხელმწიფეს ბარათი ჩამოუგდიაო ფრანგის ხელმწიფისათვის, რომ „ნუ გეშინიანო, მეცა და ჩემ დიდკაცებსაცაო აქ უფრო დიდი პატივი გვაქვსო, მინამ მანდაო. ნუ დაიჯერებო, რასაც მანდ ყბედობენო“.
— რასაკვირველია, ეგ აგრე იქნება: ბატობ-ყმობა ღმერთს დაუწესებია და თითონვე ღმერთი რად მოშლის? ვენაცვალე ღვთის დიდებასა! — სთქვა დარეჯანმაცა.
— უფლისა უფალსა და კეისრისა კეისარსაო, სახარებაში სწერია: კეისრები ჩვენა ვართ, — დაუმატა ელისაბედმა.
— მართალი ბძანებაა, ჩემო რძალო! სახარების სიტყვას ვინ წაუვა? — მიატანა დარეჯანმა.
— არავინ, თქვენმა სიცოცხლემ! — დაამტკიცა ელისაბედმა და წამოდგა შინ წასასვლელად, — მშვიდობით ბძანდებოდეთ!
— მშვიდობით, ჩემო რძალო! ბიჭებში კი ხმა გააგდეთ, რომ ტყუილია-თქო, — ურჩია ლუარსაბმა.
— თქვენც რომ ეგრე ჰქმნათ, ცუდი არ იქნება: გლეხები არიან, მალე დაიჯერებენ ტყუილსაც და მართალსაც. მშვიდობით, — გამოესალმა და წავიდა ელისაბედი. თან აედევნა დაჩაგრული გოგო.
— ღმერთო, რა მეჭორეა!.. რა ენაჭარტალაა!.. — უთხრა ქმარს ელისაბედზე დარეჯანმა.
— ის რა მოიგონა, თქვენი ჭირიმეთ, ყმები უნდა ჩამოგვერთოსო! — დაჰკრა კვერი ლუარსაბმა.
— შენ ხომ მაშინვე დაიჯერე!
— კარაბადინმა სთქვაო, მოდი და ნუ დაიჯერებ. ის კი, ღვთის წინაშე, არ მომაგონდა, რომ გარეჯელ მკითხავს ბევრჯერ გაუცრუებია სომხური კარაბადინი.
— გონება სადა გქონდა?
— ეჰ, შე დალოცვილო! აქა მქონდა, მაგრამ ვერ მომაგონდა. სულ რომ მაგონდებოდეს, რაც გამიგია, მეტი რაღა მინდა: სოლომონ ბრძენი ვიქნებოდი. თუნდ ეგ არ იყოს, ქვეყანაზედ რა ვიცი რამდენი ეშმაკის მანქანებაა, ეგეც იქნება ერთი იმათგანი იყოს. ვეჟო, ცოდვილ ქვეყანაზედ რა არ მომხდარა ჩვენის ცოდვებისაგან? ეგეც შეიძლება, რომ მოჰხდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ასტკივდებაო, ნათქვამია; ხმა გავაგდოთ, რომ ტყუილია.
— რასაკვირველია, ცუდი არ იქნება, ჩვენ მაგითი რა დაგვაკლდება?
— არაფერი, შენმა მზემ, — ეხლავ დავუძახებ დათოსა და ვეტყვი. — დათო, დათო! — დაუყვირა ბატონმა.
— ბატონო! — სადღაც შორიდამ მოისმა დათოს ხმა: — ეხლავ გიახლებით.
ცოტას ხანს შემდეგ დათოც მოვიდა და ჰკითხა ბატონსა:
— რას გვიბძანებთ?
— იმას, რომა, ყმები ჩამოგვერთმევაო რომ ამბობენ, ტყუილია. გესმის, თუ არა? ყველას უთხარი, რომ ტყუილია. ხელმწიფეს მოუწერია, რომ დავარჩობ, ვინც იტყვის, რომ ეგ მართალიაო, ვინც გუნებაში მაგას გაიტარებსო. გაიგე?
— გავიგე, შენი ჭირიმე! — უპასუხა დათომა, — განა მაგას ვინა ჰფიქრობს? აი, რაღაც გოგო-ბიჭები მიჰქარავენ, შენი ჭირიმე, იმათ ვინ დაუჯერებს. წვრილფეხობის სიტყვა რა დასაჯერია? იყბედებენ და დაჩუმდებიან.
— ეგრე სთქვი ხოლმე სხვაგანაც, ჩემო დათო! ან რა კარგი იქნება თქვენთვის, რომ ჩვენ არა გყვანდეთ.
— შენი მტერი ყოფილა, ჩვენ ვიქნებოდით, შენი ჭირიმე!
— რაც უნდა იყოს, მამასავით გპატრონობთ.
— დიაღ, შენი ჭირიმე! სწორედ მამა ბძანდებით და ჩვენ შვილები ვართ. თუ ხანდისხან გაგვიწყრებით, აგვიკლებთ, წაგვართმევთ, — ეგ რა? სულ ჩვენის სიკეთისათვის არის ხოლმე, განა მამა შვილს არ გაუწყრება?
— ოღონდაც, რომ გაუწყრება, მაგრამ შვილი ისევ შვილია, მამა ისევ მამაა ხოლმე.
— მართალი ბძანებაა. სხვას არა აქვს მაგის გაგება, ამბობს, რომ რაც ჩემია — ჩემი უნდა იყოს, ბატონი რად უნდა გვართმევდესო. ის კი არ იციან, რომ თუ ბატონი ართმევს რასმეს, სულ იმათისავე სიკეთისათვის ართმევს. ხომ მოგეხსენებათ, გლეხკაცი რეგვენია.
— ოღონდაც რეგვენია, — ჩაერივა დარეჯანი, — მაშ ბატონი რისა არის, თუ არ დასტუქსავს, არ წაართმევს? თუნდ ეგ არ იყოს: უცხო ხომ არ ართმევს, ისევ თავისივე ბატონია.
— მართალი ბძანებაა. მამაა, უცხო რად იქნება? — დაუმატა ეშმაკობით დათომა.
— დიდი და პატარაობა სად არ არის? — სთქვა ლუარსაბმა, — აი, თუნდ თითებზედ დაიხედე: ერთი დიდია, მეორე პატარა. რისთვის? ამისთვის, რომ ღმერთს აგრე გაუჩენია, დიდი და პატარაობა ყველგან უნდა იყოს. აბა, დაიხედე!
— განა არ დამიხედნია, შენი ჭირიმე! დიდიც არის, პატარაც, მაგრამ, დაილოცა ღვთის სამართალი, ისე გაუჩენია, რომ ერთმანეთს არ უშლიან, — სთქვა ცბიერმა დათომ.
— მაშ! ყველგან არის დიდი და პატარაცა, ეხლა როგორ იქნება, რომ ჩვენში არ იყოს. ან რა დასაჯერია? — გააგრძელა ლუარსაბმა და ვერ გაიგო კი დათოს აზრი.
— ვისაც თავში ტვინი აქვს, აკი არ იჯერებს, შენი ჭირიმე, ვინც უტვინოა — ისინი მოგახსენებენ, რომ მართალიაო.
— როგორი მართალია? — დაატანა დარეჯანმა, — ხელმწიფისათვის ან ჩვენ რა დაგვიშავებია, რომ ყმები ჩამოგვერთოს, ან თქვენ რა შეგიმატებიათ, რომ გაგააზატონ. ეს როგორ ვერ მოიფიქრეთ?
— მითამ მოგახსენებენ, შენი ჭირიმე, ჭკვიან კაცებს დაუწერიათო, რომ ქვეყნისათვის კარგი იქნებაო. ტყუილი უნდა იყოს.
— ტყუილია, მაშ რა არის? — დაიყვირა ლუარსაბმა, — აბა, რომელი ჭკვიანი კაცი იტყოდა მაგას, თუ არ იუდას კერძო?
— აი, მეხი კი დავაყარე იმისთანა ჭკვიანსა! — მიაყარა ქოქოლა დარეჯანმა.
— თუ ეგ მართალია, გარეჯელ მკითხავს იცი რა უთქვამს? — ჰკითხა ლუარსაბმა.
— არა, შენი ჭირიმე! რა მოგახსენათ?
— ისა, რომ ტყუილიაო.
— აბა, იმისთანა გულთმისანს მოდი და ნუ დაუჯერებ, — დაუმატა დარეჯანმა.
— მე ეგ ადრევე ვიცოდი, შენი ჭირიმე, რომ ტყუილია, აბა უბატონოდ რა ხეირი დაგვეყრება? უპატრონო საყდარსაო ეშმაკები დაეპატრონებიანო, გლეხები იტყვიან ხოლმე. ჩვენც ეგრე მოგვივა. ეხლა ამითი გვატყუებენ თავადებსაც და გლეხსაც, რომ ქვეყნისათვის კარგი იქნებაო, თორემ რა დასაჯერია?
— თუ მე არ ვიქნები, ქვეყანა თუნდ ძირიანად ამოვარდნილა, თუნდ ბოდბელისა არ იყოს — „ქვა ქვაზედაც ნუ იქნება“, — სთქვა ლუარსაბმა, — ქვეყნისათვის კარგი იქნებაო! თუ მე და შენ არ ვიქნებით, ქვეყანა რად გვინდა? ჯანიც გავარდნია. არა, დათო?
— დიაღ, შენი ჭირიმე! სულ ტყუილია. მე ბევრისათვის მითქომს, რომ ტყუილია, და როდი მიჯერებენ.
— შენ უთხარი, რომ თითონ ბატონმა თავის პირით მიბძანა-თქო, მაშინაც არ დაიჯერებენ? — უბძანა ლუარსაბმა.
— მაშინ კი რაღა ეთქმით, შენი ჭირიმე!
— ეგრე, ჩემო დათო! ყველას უთხარი.
— ბატონი ხარ, მაშ გიახლოთ?
— წადი.
დათო წავიდა. ვინ იცის გულში როგორ ეცინებოდა ამ პირმოთნე ყმასა.
— არა, გული დააჯერა, რომ ტყუილია, — უთხრა დარეჯანმა, როცა დათო წავიდა.
— ჭკვიანი კაცია, დააჯერებდა, — უპასუხა ლუარსაბმა.