კაცია-ადამიანი?!
VIII
როცა დავითი შინ მივიდა, საღამო ხანი იყო. ამისი ცოლი, ელისაბედი და ლუარსაბი ეზოში ღობის ჩრდილში ისხდნენ. თვალი შეასწრო თუ არა, ლუარსაბი წამოხტა, მიეგება ძმას, ვერაფერი კი ვერა ჰკითხა, იმიტომ რომ რცხვენოდა. დავითი ცხენიდამ გადმოხტა, გაისწორა მოშვებული ჩაღსაკრავი, მოვიდა, ცოლს არც კი მიემშვიდობა და წამოწვა ხალიჩაზედ.
— როგორ მოგეწონა სასძლო? — ჰკითხა ცოლმა. ლუარსაბმა ყურები აიცქვიტა.
— მზეთუნახავს რომ იტყვიან, ის არის. — მიუგო დავითმა, — მე იმისთანა ლამაზი ქალი არ მინახავს.
ლუარსაბს გაუხარდა, ელისაბედს ეწყინა: ჩემზედ უკეთესი იქნებაო.
— მართლა, გეთაყვანე? — ჰკითხა ლუარსაბმა.
— შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა ქალის მნახველი არა ვარ. — ამის მერე ცოლს შეჰხედა და შურით დაუმატა: — მე რომ პატარა კიდევ მომეცადნა, სხვა რიგად წავიდოდა ჩემი საქმე.
— რა? შენ შეირთავდი თუ? — წააყვედრა გულღვარძლიანმა ცოლმა, — უი შენ თვალებს! შენთვის მეც არ ვემეტებოდი ჩემს ბედსა. მამა-ჩემი განა რომ უარზედ იდგა, შენისთანები მთხოულობდნენ!
— უარზედ იდგა, მე ვიცი, რუსთ ხელმწიფის შვილს მიგცემდა. იმისიც მადლობელი იყავ, რომ მე გავბრიყვდი.
ესე სიტყვა-სიტყვაზედ შეჰყვნენ და ერთი კაი ლაზათიანი ჩხუბი მოუვიდათ, ასე რომ მოგეწონებოდათ. ელისაბედს იმ დღითვე შურით აევსო გული და შეიძულა ჯერ თვალით არ-ნახული რძალი.
„მალე ჩემი მტერი დაჭკნეს, მალე მე ის დავაჭკნო, — ამბობდა გულში ელისაბედი, — ამ სახლში ჩემზედ უკეთესი და ჩემზედ უფროსი არავინ არ უნდა იყოს. ჩემი ქმარი უნდა მაყვედრიდეს იმის სილამაზეს?! უი, უწინამც დღე გაჰქრობია. ასეთ ეკალს გავუყრი თვალში, რომ დღენი ვაწყევლინო!“
ელისაბედი ქორწილში არ წავიდა.
ქორწილის ღამეს დიდი ამბები მოხდა. მოვიდა სიძე დიდის მაყრიონით, ძმაც თანა ჰყვანდა, სწორედ სამშაბათს დღეს. იმ დღეს საცოლო არ აჩვენეს, რასაკვირველია. მოსესაც შეეყარა დიდი ხალხი. უგანზრახვოდ არ იყო ეს ხალხის შეყრა მოსეს მხრით. ეხლა კი მართალი ქალი გაისტუმრეს საყდარში. როცა ყველაფერი მოამზადეს, მერე მიიპატიჟეს საქმროცა. როცა შევიდა ლუარსაბი საყდარში და თვალი მოჰკრა თავის საცოლოსა, ელდა ეცა. მოუბრუნდა თავის ძმას დავითს, თავაზასაც და ზრდილობასაც თავი დაანება და უთხრა:
— დავით, აკი მზეთუნახავიაო?
ხალხს სიცილი წასკდა, საწყალი პატარძალი სირცხვილით აინთო და ტირილი დაიწყო. დავითი წინ წადგა; რომ დაინახა ერთი უმსგავსო პატარძალი, მღვდელს მიუბრუნდა:
— მამაო! ჯერ სხვა იწერს ჯვარს, თუ ეს რა ამბავია?
— კნიაზი ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯან მოსე გძელაძის ასული იწერს ჯვარს, — მიუგო მდვდელმა.
— პატარძალი სად არის?
— აი, ესა ბძანდება.
— ლუარსაბ! — დაუძახა ძმას დავითმა, — მოგვატყუვეს, ეგ ის არ არის, ჯვარი არ დაიწერო.
მთელი ხალხი გაოცდა. ლუარსაბი დაღონებული და უფრო გაფითრებული გამოვიდა საყდრიდგან, მთელი მაყრიონი გამოჰყვა. ცხენები მოიკითხეს, უნდა წამოსულიყვნენ. ცხენები დაემალათ. შეატყობინეს მოსეს, რომ საქმრო ჯვარს არ იწერსო. მოვიდა მოსე და თან მოიყვანა მრავალი ხალხი.
— კნიაზო დავით! ეს რა ამბავია? — უთხრა გაჯავრებულსავით მოსემ, — ქალი საყდარშია და საქმრო ეხლა დადგა უარზედ? აქამდინ სად იყავით, თუ არ გინდოდათ ჩემი ქალი? ვინ გეხვეწებოდათ? თქვენისთანა ოჯახის-შვილები მეხვეწებოდნენ, რომ არ მივეცი!
— აი, ბატონო, ქალი მანდ არის და, ვისაც გნებავდეთ, იმას მიეცით. ჩემი ძმა კი მაგის შემრთველი არ არის, — მიუგო თავგამოდებით დავითმა.
— ეხლა განა? როცა მთელმა ქვეყანამ შეიტყო, რომ ჩემს ქალს ირთავს შენი ძმა, როცა შენმა ძმამ საყდარშიაც შეიყვანა ჩემი ქალი? არა, თავზედ ლაფს არავის არ დავასხმევინებ! ან უნდა ჯვარი დაიწეროს, ან არა და აქედამ ცოცხლები ვეღარ წახვალთ! გაგონილა? სიძე სახლში ჩამიდგეს, ქალი საყდარში შეიყვანოს და ჯვარი აღარ დაიწეროს!..
— ის კი გაგონილა, რომ პატარძალი შეცვალონ! ეს შენი ქალი არ არის.
— ხალხო და ჯამაათო! დახე, რომ ვეღარა მოუგონიათ რა, იმას ამბობენ, შენი ქალი არ არისო, — დაუძახა ხალხს მოსემ.
— მაშ ვისია, თუ მაგისი არ არის! — გაიხმაურა მოსეს ხალხმა, ჩვენ ფიცს მოგცემთ.
— არა, ბატონებო, ჩემი ძმა ჯვარს არ იწერს. თუ ძალაზედ დადგებით, არც ჩვენა ვართ ლაჩრები, — წამოსთქვა დავითმა და ხანჯალი მოიმართა.
ქალები, ვინც კი იყვნენ საყდარში, სულ აქეთ-იქით მიიფანტნენ, ჰნახეს რომ ამათი ალაგი არ არის. პატარძალი კი და ორი ვიღაც ბებერი მოსემ საყდრიდამ არ გამოაყვანინა, იმედი ჰქონდა, რომ როგორმე მოახდენდა ჯვარისწერას.
— მაშ მოსე თავადიშვილი აღარ ყოფილა, — წამოიძახა მოსემ, — თუ თქვენ ჩემი ოჯახი შეგარცხვენინოთ; ჩემის ცოცხალის თავით არ ვაკადრებ ჩემს გვარს, რომ თათქარიძეებმა საყდარში ქალი გამიუპატიურონ, ჯვარი უნდა დაიწეროს.
— არ დაიწერს.
— უკანასკნელი სიტყვაა?
— უკანასკნელია.
— დავით! — უეცრად გადაასხვაფერა სიტყვა მოსემ და ხმაც მოურბილა, — აქეთ მობძანდი.
დავითი გაჰყვა. იქით ორნივ გაშორებით გადგნენ. მოსემ ამოიღო ხუთი თუმანი და უთხრა ხმადაბლა დავითს:
— ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?
დავითი დარბილდა.
— ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? — უპასუხა.
— შვიდი იყოს.
— ან შვიდად.
— რვა იყოს
— ვერც რვა თუმნად.
— აშ რამდენი გინდა?
— ათი მაინც იყოს.
— ცხრაზედ რას იტყვი?
— არა, ათი.
— ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს.
ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.
— მე კი დავჩუმდები და ჩემი ძმისა შენ იცი, — უთხრა ღიმილით დავითმა.
— ოღონდ შენ დაჩუმდი და ერთი ორიოდე კაცი თქვენი მაყრიონიდამაც დაიყოლიე და ლუარსაბს მე მოვუხერხებ.
— ბატონი ხარ. მაგის პირობას გაძლევ.
— მაშ ხელი დაჰკარ.
დაჰკრეს ხელი ხელს და საწყალ ლუარსაბს ძალად გადასწერეს ჯვარი იმ ღამესა. მოსემ არც დაპირებული ორასი თუმანი მისცა, იმის მაგიერ ის თამასუქი დაუბრუნა, სუტ-კნეინას რომ წაართო. ლუარსაბს არ მიჰყვანდა ცოლი, მინამ არ გამისწორდებაო, ბოლოს ესეც რომ ვერა გახდა-რა — გარემოებას დაემორჩილა და წამოიყვანა შინ თავისი დარეჯანი.
ელისაბედი სიხარულით აღარ იყო, რომ ლუარსაბმა მზეთუნახავის მაგიერ გონჯი ცოლი მოიყვანა. „ჰი, ვენაცვალე ღმერთსა! — ეტყოდა ხოლმე ქმარს ელისაბედი, — ჰი, ვენაცვალე! — ჯერ ჩემზედ უკეთესი უნდა შეერთო და მერე ჩემთვის ნიშნი მოეგო! ჰი, ვენაცვალე ღმერთსა!“ ბოლოს ხომ — როგორც მოგეხსენებათ — ცოლების მოწყალებით ძმებს ჩხუბი მოუვიდათ და გაიყარნენ.