კაცია-ადამიანი?!
XI
ლუარსაბმა ეს სიზმარი თავიდამ ბოლომდინ, როგორც იყო, ისე უამბო. დარეჯანმა ისე ახსნა ეს სიზმარი, რომ სწორედ ცხრა თვეს უკან შვილი უნდა ეყოლოს.
— აბა, როგორ? — ჰკითხა ლუარსაბმა.
— ხომ სტიროდი სიზმარშია? — ეხლა დარეჯანმა ჰკითხა.
— ვტიროდი.
— მეც ხომ ვტიროდი?
— შენცა სტიროდი.
— ტირილი კიდევ სიხარულის ნიშანია. მე და შენ სიხარული სხვა რა გვექნება, თუ არ შვილის ყოლა? მაშ შვილი გვეყოლება და ჩვენი სიხარულიც ისე აგვიხდება.
— მართლა, ტირილი ხომ სიხარულის ნიშანია. უთუოდ ეგრე აგვიხდება. აი, ვენაცვალე სულში იმ სიზმარსა! თვალი არ დაუდგება დავითსა! აბა, ფერხულს მაშინ ჩამოუვლის, აი! ღმერთო, შენ იცი ეხლა.
ამ დროს ლამაზისეულმა კარი შემოაღო და გახარებული შემოვარდა ოთახში.
— ქალბატონო, ქალბატონო! — წამოიძახა გოგომა, — ჩამჩიაშვილს რომ ძაღლმა შვილი დაუცოფა, იმისთვის ერთი აქიმი დედაკაცი მოუყვანიათ, იმ დედაკაცმა თურმე მკითხაობაც იცისო. ხომ არა გნებავთ აკითხვინოთ? რაც კაცს გულში აქვს და შუბლზედ აწერია, ყველაფერს თურმე მაშინვე შეიტყობს.
— შენს პირს შაქარი, ჩემო ლამაზისეულო, შენს პირს შაქარი, — წამოიძახა გახარებულმა დარეჯანმა, — წადი და ეხლავ აქ მომიყვანე, ფულს გაჩუქებენ-თქო.
გოგო გამოტრიალდა და გაიქცა.
— დარეჯან, შენი ჭირიმე, დარეჯან! სიზმარი ცხადდება! — შეჰყვირა ღრეჯით გახარებულმა ლუარსაბმა, — ვა! მეტი რაღა გინდა! ღმერთმა თავისთავად მკითხავი კარზედ მოგაყენა. ეს რის ნიშანია?
— მაშ, ქა, რომ გეუბნებოდი და არ მიჯერებდი, მაშ რის იმედით გეუბნებოდი, რომ შვილი მეყოლება-მეთქი? მე რათა ხანია გული მითხრობდა.
— მეც დიდი ხანია გული მითხრობდა, თურმე ეს ამბავი იყო. აბა, ეხლა დაუდგება თვალი დავითსა, აი!
**
— რა ნაღველი აქვთ იმისთანა, რომ ავადმყოფს თავი დამანებებინეს და აგრე საჩქაროდ მიბარებენ? — ჰკითხავდა ლამაზისეულს გზა-და-გზა ერთი ტანში მოხრილი, პატარა, მოკუნტული, დაღმეჭილი ბებერი დედაკაცი.
— რა ვიცი? ხომ იცი, რომ უშვილონი არიან...
— ეგ ხომ მე უშენოდაც ვიცი, რომ შვილი არა ჰყავთ, — გააწყვეტინა სიტყვა ოსტატურად გამოქნილმა და ცბიერმა მკითხავმა.
სულელს ლამაზისეულს გაუკვირდა: საიდამ იცისო!
— მაშ ქალაქში რომ მკითხავს აკითხვინეს და ეთქო, თელეთი ილოცეთო, ისიც გეცოდინება? — უთხრა გოგომა და დააცქერდა გაოცებული, ვნახოთ, რას იტყვისო.
— მაშ, ჩემო კარგო, ჩვენი ხელობა რა არის? პურს მაგითი ვჭამ და ეგ როგორ არ მეცოდინება? — მიუგო ოსტატმა დედაბერმა ისე არხეინად, ასე გგონია — მართლა იცოდაო.
— თელეთში რომ ვიყავით, ისიც იცი?
— გეუბნები, შვილო, ჩვენი ხელობა ეგ არის-მეთქი. მაგითი ვცხოვრობთ, მაშ არ გვეცოდინება?
ძალიან უხაროდა გულში მკითხავსა, რომ ამისთანა სულელი გოგო შეჰხვდა, რომ ზოგიერთი საჭირო ამბავი გზა-და-გზა გამოათქმევინა. გოგოს კი საშინლად უკვირდა ამისთანა გულთამხილაობა ამ დედაკაცისა, სულელს ფიქრადაც არ მოუვიდა, რომ თითონ გააგებინა ყველაფერი, — უმაგისოდ არა ეცოდინებოდა-რა.
გოგომ თავლაზედ ამოატარა მკითხავი. მკითხავმა თავლის გარეშემო თვალი გადაავლო და ერთი ამოღრანტული რაღაცა შენიშნა „ეს კარგია”, სთქვა გულში.
ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდნენ მკითხავსა, ბოლოს მკითხავიც მოვიდა. რა წამსაც ფეხი ოთახში შემოდგა და თავი დაუკრა, მაშინათვე ოსტატურად მოფიქრებული სიტყვები მიაყარა:
— ძერას ჰკითხეს: შვილები გირჩევნია, თუ ორი თვის წყალუსმელობაო? — წყლის უსმელობაო. ჯორსა ჰკითხეს: — შენ რაღაო? — უშვილობაო. თქვენთვის არავის უკითხავს და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ ეგრე?
ცოლ-ქმარმა გაოცებით ერთმანეთს შეჰხედეს: საიდამ გაიგო ეგრე მალეო! ლუარსაბმა პირი დააღო ჯერა, მინამ სიტყვების აზრს მიჰხვდებოდა; როცა მიჰხვდა — თითქო შეშინდაო, პირჯვარი გადიწერა და სთქვა იმ სახით, როგორც ჭექა-ქუხილის დროს ვიცით ხოლმე:
— ურთხეულ არს სახელი უფლისა. ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ!.. დედაკაცო! ჩვენ გულში იჯექ?..
მკითხავმა ხმა არ გასცა, თითქო ამისთანა ქებას ყურსაც არ ათხოვებსო. მიუბრუნდა რაღაც მზრუნველობით გოგოს და უთხრა:
— ჯამით წმინდა წყალი მომიტანე, ერთი შავტარა დანა, ნახშირი და ახალი ხორბალი.
მინამ გოგო ამას მოუტანდა, ლუარსაბი და დარეჯანი ენა-ჩავარდნილებსავით იყვნენ. ეგონათ, რომ თუ არ ეშმაკის მანქანებით, ამისთანა გულთმისნობა არ იქნება. მოდი და ეშმაკის ხსენებაზედ შიშისაგან ენა ნუ ჩაუვარდებოდათ!
გოგომ მოიტანა ყველაფერი. ბებერი ძირს ჩაჯდა. ჩააგდო ჯერ ერთი ხორბალის მარცვალი, აიღო ხელში დანა და ნახშირი და დაიწყო ტუჩების ცმაცუნი, მითამ-და ულოცავს. მერე გაუშტერა თვალი წყალსა. ჩვენი ცოლ-ქმარნი შიშით და კრძალვით ელოდებოდნენ, ჩვენი ბედისწერა რას იტყვისო.
— ქალაქში მკითხავთან გიკითხვინებიათ, — დაიწყო კუდიანმა, — მკითხავიც კარგი შეგხვედრიათ. სწორედ უთქვამს, რომ თელეთი ილოცეთო.
ეხლა კი მართლა შეშინდნენ ცოლიცა და ქმარიცა. ერთმანეთს ყურება დაუწყეს. ამისთანა გულთამხილაობა რომ არ გაეგონათ თავის დღეში!
დედაბერი ვითომ არაფერს არ ამცნევს, რაც ძალი და ღონე აქვს აცმაცურებს ტუჩებსა და თითო ხორბლის მარცვალსა ჰყრის წყალში.
— კარგი გიქნიათ, — დაიწყო ისევ მკითხავმა, — კარგი გიქნიათ, რომ მკითხავისთვის დაგიჯერებიათ და თელეთის სალოცავად წასულხართ. შეგეწიოთ თელეთის მადლი; მაგრამ...
აქ სიტყვა გასწყვიტა ბებერმა: თითქო წყალში უნდა ამოიკითხოსო, თვალი უფრო დააკვირვა.
— მაგრამ ისა, რომ იმ მკითხავს გულთმისნობა სავსე არა ჰქონია, — ცოტა ჰკლებია, თორემ თელეთი როგორ არ გიშველიდათ, რომ გამოეცნო.
— აკი შენი ბრალიაო, დარეჯან! ადრევ რომ მითხარი. გამოდის ჩემი ბრალი არა ყოფილა, — უთხრა ლუარსაბმა თავის ცოლსა, მაგრამ ისე კი, რომ გაშტერებული თვალი მკითხავისათვის არ მოუშორებია.
— დამაცა, რა დროს ეგ არის. მე აქ შიშისაგან სული მძვრება. რა ყოფილა, შენ გენაცვალე, ეს დედაკაცი!.. — ამბობდა მართლა შეშინებული დარეჯანი.
— დიაღ, მკითხავის ბრალია, — მოჰყვა ისევ კუდიანი, — იმის ბრალია. იმას რომ მიგნება ჰქონოდა, ეხლა შვილი კალთაში გეჯდებოდათ. დიაღ გეჯდებოდათ, რომ...
აქ ისევ სიტყვა გასწყვიტა ხერხიანმა დედაკაცმა და უფრო გაუშტერა თვალი წყალსა. ლუარსაბი და დარეჯანი სმენად გადაიქცნენ.
— დიაღ, თელეთი გიშველიდათ — კიდევ შეგეწიოთ იმისი მადლი — თელეთი გიშველიდათ, — გააგრძელა სიტყვა მკითხავმა ისევ თვალაუღებლად, — რომ თქვენ სახლში ჯადო არა ყოფილიყო.
ლუარსაბმა და დარეჯანმა, შიშისაგან სულწასულთა, ერთს დროს და ერთხმად კანკალით წამოიძახეს:
— ვაი, ადრე და მალე დაღუპულო ოჯახო!..
— ნუ გეშინიანთ: ეხლა ის ჯადო საშიში აღარ არის, მე ხელში მყავს.
— აბა, მაჩვენე, თუ ხელში გყავს, — უთხრა ლუარსაბმა, მაგრამ, რადგანაც თითონ ეშინოდა იმისი ნახვა, დარეჯანს უთხრა: — მე კი ვერ შევხედავ, მე თვალებს დავხუჭავ და შენ გასინჯე.
— უი, არა გეთაყვანე, შენ თითონა ჰნახე, მე დავხუჭავ თვალებსა, — მიუგო შიშისაგან ფერმიხდილმა ცოლმა.
— ნუ გეშინიანთ, — დააშოშმანა მკითხავმა, — განა მართლა ხელში მყავს, ჯადო თქვენს ეზოშია.
— სადა, გეთაყვანე, სადა? არიქა, ბიჭებო, მიშველეთ! — დაიყვირა ბატონმა.
— თავლას უკან რომ ორმოა, ჯადო იქა დევს... — მშვიდად დაუმატა მკითხავმა.
— ბიჭებო, არიქა, ბიჭებო! აბა, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! თუ ბატონის წყალობა გინდათ, ბიჭებო! თუ ჩოხები გინდათ, თავლის უკან ორმოაო! არიქა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმე, ბიჭებო!
ჰყვიროდა ოთახში ზარდაცემული ლუარსაბი. აქეთ კიდევ დარეჯანი კანკალმა აიტანა და ტუჩები გაულურჯდა, მაგრამ მაინც კიდევ ქმარს უთხრა:
— აქ რომ ჰყვირი, ვინ რას გაიგებს? გარეთ გადი და გაგზავნე ბიჭები.
— არა, გეთაყვანე, ეხლაკი შენ გადი და მერე თუნდა ორმოცჯერ მე გავალ.
— გადი, რისა გეშინიან, ჯადო ხომ არ დაგარჩობს, — ეუბნებოდა კნეინა და თითონაც კი ეშინოდა.
— არა, გეთაყვა, შენ გადი. რა არის? ეხლა, თუ ღმერთი გწამს, შენ გადი, თუ გიყვარვარ, შენ გადი.
— არა გრცხვენიან, მე დედაკაცსა მგზავნი და შენ კი ქუდი გეხუროს და კაცი გერქვას?
— რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო.
— მე დავუძახებ ბიჭებს, — უთხრა მკითხავმა, — მაგაზედ როგორ დაღონდით!
— ო, გეთაყვა, შენ დაუძახე, ჩვენ — ხომ ხედავ — დავღონდით, — შეეხვეწა ლუარსაბი, — ეხლა, ოთახში რომ ჩვენ მარტონი დავრჩებით, ხომ არაფერი?
— არაფერი.
მკითხავი გავიდა, ბიჭები გაისტუმრა ჯადოს ამოსაღებად. ბიჭებმა ბევრი უტრიალეს თავლასა და ორმო ვერა ჰნახეს. მოვიდნენ და ბატონს უთხრეს: იქ ორმოს რა უნდაო.
— ვაი, შენ ჩემო თავო! — დაიძახა ლუარსაბმა, — დახე, ჯადოს ამათთვისაც თვალი აუბამს, რა გვეშველება?
მკითხავმა ჩაიცინა.
— მე წავალ თითონ. მე ჯადო თვალებს ვერ ამიბამს, — სთქვა მკითხავმა, — თქვენც წამოდით, რომ თქვენის თვალითა ჰნახოთ.
— არა, გეთაყვანე, ჩვენ ისეც დაგიჯერებთ, — უთხრა ლუარსაბმა, რომ ეშინოდა იქ წასვლა. — უჩვენოდ წადი, შენა ჰნახე, მითამ ჩვენ გვინახავს.
დედაბერი წავიდა, თან ბიჭები წაასხა და პატარა ხანს უკან რაღაცა ძონძები ამოიტანა.
— აქ ნუ შემოიტან, — ჰყვიროდა ლუარსაბი და თან კუთხეში იმალებოდა, — აქ ნუ შემოიტან, მანდვე დააწვევინე, მანდვე!
ჯადო დასწვეს.