კაცია-ადამიანი?!
VII
თუმცა სუტ-კნეინამ თავის ანგარიშების გამო საქმე ცოტად გააგრძელა, მაგრამ მალე უნდა გათავებულიყო, რადგანაც ორივეს მხრივ ნების დართვა იყო. სუტ-კნეინის ანგარიშების გარდა, ერთი სხვა ხიფათიც მოსდევდა ამ საქმეს: ქალი — პირველი, რომ ოცის წლისა იყო და ამბობდნენ ოც-და-ერთისაცააო — ეგ არაფერი, ამაში შეიძლებოდა კიდევ ხერხიანად მოეტყუებინათ, ცხენი ხომ არ იყო — კბილებზედ შეეტყოთ, მაგრამ ჭირი ის იყო, რომ მეტად მახინჯი გახლდათ. აბა, აქ როგორ მოატყუებ? თვალებს ხომ არ აუბამ? მართალია, შეიძლებოდა, პირველში სხვა ეჩვენებინათ, მერე, რაკი ჯვარის დასაწერად მოვიდოდა, ძალად გადასწერდნენ ჯვარსა, მაგრამ სუტ-კნეინას ეშინოდა: მერე ხომ თმით მათრევენო. თმით თრევა კიდევ არაფერი, რომ კარგად გამორჩენა შეიძლებოდეს, ოცი თუმანი აბა რა ფულია! მართალია, ლუარსაბსაც ჩამოართო ბარათი, მაგრამ, რაკი ამისთანა მახეში გააბამდა საწყალსა, მერე როგორღა მივიდოდა ფულის გამოსართმევად? ხომ უზიარებლად დაარჩობდა. ეჩივლა და ბარათი დიანბეგთან წარედგინა, რა გამოვიდოდა? ლუარსაბი გააბათილებინებდა, თუ არა და ნახევარს დიანბეგი წაიღებდა. მაგ ნახევარს ჯანი გავარდეს, ოღონდ საქმე არ გამოაშკარავდეს, — მაშინ რა ეშველებოდა სუტ-კნეინასა? ხომ ციხეში დაიჭერდნენ. „არა,— იფიქრა კნეინამა, — ეს ბარათი კიდევ აქა მქონდეს: როცა დრო მოვა, შევუთვლი, თუ მომცა, ხომ რა კარგი, თუ არა და ჯანი იმასაც გავარდეს, — ერთის სიტყვით ეს ბარათი ან ჰო არის, ან არა. საჰო-არაოდ საქმე რად გავიხადო. სიფრთხილეს თავი არ ასტკივა: ისევ ისა სჯობია, მოსე გძელაძეს ათიოდ თუმანი ნაღდი — აი ეგ მიყვარს! — მოვამატებინო და გავბედო ლუარსაბის მოტყუება, თორემ იქ ჩივილი, ერთი დავიდარაბა ასტყდება, იქნება საქმეც გამოაშკარავდეს, ამას იქნება კიდევ სხვა საქმეებიც ზედ შემიკეცონ, — ერთი ხათაბალა რამ გამოვა... რადა? არა, ეგ ჩემი საქმე არ არის: მე მიყვარს „ჩისტად“ საქმის დაჭერა.
ეგრე მომართული იყო სუტ-კნეინა, როცა გძელაძიანთ სოფელში შევიდა ამისი ურემი, მითამ-და ერთ რაღაც ძველ საყდარში ღამის სათევად მოვიდა. მეორე დილას თითონ მოსე გძელაძე მოიჭრა და სუტ-კნეინა თავის სახლში შეიპატიჟა. დაიწყეს ლაპარაკი.
— აბა, ჩემო ღვიძლ დაზედ უფრო უკეთესო დაო! ქალია თუ ვაჟი? — ჰკითხა მოსე გძელაძემ.
— ვაი, რომ ქალია, — უპასუხა შეწუხებულსავით სუტ-კნეინამ.
— როგორ? არ ირთავს?
— არა.
— მაინც რას ამბობს?
— ქალი არ მოსწონს — ნუ გეწყინებათ კი — მახინჯი არისო.
— ვაი შენს მოსეს! განა უნახავს სადმე?
— არა, არსად არ უნახავს, მაგრამ შეუტყვია.
— თუ არ უნახავს, მაშ კიდევ შეიძლება საქმე დავატრიალოთ.
— აბა როგორ?
— თუ შენ შემეწევი, ჩემო დაო, და ჩემს პურ-მარილს არ დაივიწყებ, საქმეს დამში მოვიყვანთ.
— აბა, გეთაყვა, მე რაღა თხოვნა მინდა, ხომ იცი ჩემს თავს შენის სამსახურისათვის არ დავზოგავ.
— მაშ თუ ეგრეა, დამაცა.
ადგა მოსე, გავიდა გარეთ და პატარა ხანს შემდეგ შემოიყვანა ერთი მშვენიერი, მოხდენილი ახალგაზრდა გოგო. დააყენა სუტ-კნეინის წინ, ხან აქეთ შემოატრიალა, ხან იქით, მერე უბძანა, რომ გარეთ გავიდეს.
გამოცდილი სუტ-კნეინა მიხვდა, რასაც მოასწავებდა ეს ამბავი, მაგრამ თავი მოიკატუნა, მითამ და არაფერი იცის. მოსე გძელაძე მოვიდა და მოუჯდა ისევ გვერდით.
— როგორ მოგეწონა? — დაიწყო გძელაძემ.
— ერთი ტურფა რამ არის, — უმანკოებით მიუგო მანკიერმა სუტ-კნეინამ.
— უფრო კარგი იქნება, რომ ჩემის ქალის ტანისამოსით მოვრთოთ?
— რასაკვირველია: ერთი-ორად მოემატება სიკეკლუცე.
— ეხლა შენ რას იტყვი, რომ ნიშანის მომტანს ეს გოგო, ლამაზად მორთული, ჩემის ქალის მაგიერად ვაჩვენოთ? — ჰკითხა მოსემ და თვალი თვალში გაუყარა, რომ პასუხი იქ ამოეკითხა.
— მერე სასიძო ხომ მოვა ნიშნის მერეთ, იმას რაღას უზამ?
— იქამდინ ვინ დააცლის? მესამე დღესვე ჯვარისწერა დავუნიშნოთ. სადღა მოიცლის, რომ ქალის სანახავადაც მოვიდეს?
— მერე ხომ მაინც ჯვარის-საწერად მოვა?
— მერე მე ვიცი. შენ ოღონდ მანამდინ დამეხმარე, მერე ჩემს კისერზედ იყოს. ძალად ჯვარს გადავწერ.
— არა, გეთაყვა, მე მაგ საქმეში ხელი დამიბანია, მე მაგას არა ვიქ, ეხლავ გეუბნები.
— რატომ?
— აბა, იმას გაუგია, რომ მახინჯიაო...
— მაგის ფიქრი ნუ გაქვს, — გააწყვეტინა სიტყვა მოსემა, — ნიშანის მომტანი რომ ამ გოგოსა ჰნახავს, მივა და ეტყვის: რას მიჰქარავ, იმისთანა ქალი ჩემს თვალებს ჯერ არ უნახავსო. თუნდ ეგ არ იყოს, ერთი ხუთიოდე თუმანი და იმისი ჯანი. ასეთს ავალაპარაკებ, რომ...
— ძმას გამოგზავნის.
— უფრო კარგი. რასაც თავის თვალით ჰნახავს, თუნდ ქრთამი არ იყოს, ის არ უნდა უთხრას? თორემ ფულიც ხომ არა მშურს.
— არა, გეთაყვანე, მე მაგ ცოდვაში არ ჩავდგები. აი, შენი ბეედ მოცემული ხუთი თუმანი, მე კი ხელი დამიბანია.
ამოიღო ორი ოც-და-ხუთ მანეთიანი ასიგნაცია და მისცა მოსეს გამოქნილმა მოციქულმა.
— მაშ მღალატობ?.. — უთხრა გულის სატკენად მოსემა, — მაშ ჩემი ოჯახის დაღუპვა გინდა? მაშ ჩემი საწყალი ქალი არ გებრალება? ეჰ! მუხანათო წუთის-სოფელო!.. სულ ტყუილი ყოფილა: პურმარილიც, პატივისცემაც, სიყვარულიც, მეგობრობაც!.. ეჰ, შენი ნებაა!.. ეს კი იცოდე, რომ გულში შხამ-წასმული ისარი გამიყარე, სპილენძის ტყვია მომარტყი, ურჯულო ლეკსავით ქრისტიანი სული წამწყმინდე.
მოსეს ეგონა, რომ ამ სიტყვებით მოვულბობ გულსაო, ის კი არ იცოდა, სუტ-კნეინა რა კნეინა იყო! სუტ-კნეინა კი იქნებოდა, რომ სიტყვით მოტყუებულიყო!.. სუტ-კნეინას თუმცა გულში ეცინებოდა, მაგრამ სახე შეიჭმუხნა, მითამ სწუხს კიდეც და ვერა უშველია-რაო.
— შენ ნუ მამიკვდები, მოსე, — უთხრა მწუხარეს ხმით კნეინამ, — და იმ შენის სახის ჩემს უბედურს ქმარს პირშავად არ შევეყრები საიქიოს, რომ შენის ოჯახის სამსახურისათვის მე თავს არ დავიზოგავდი, მაგრამ სამსახურიც არის და სამსახურიც.
— რა ვუყოთ, რომ არის? — მიუგო ეხლა კი ცოტად იმედმოცემულმა მოსემ, რადგანაც შეატყო, რომ სუტ-კნეინა დაყოლებას აპირებს, — რა ვუყოთ რომ არის? განა ჩვენ კი არ ვიცით სამსახურის გადახდა? რა უმადური მე მიპოვე? ოცი თუმანი არ დაგპირდი? ოც-და-ხუთი იყოს, შე დალოცვილო!
— არა, გეთაყვა, ფულზედ ხომ არ არის საქმე: თმით მათრევენ სიბერის დროს, სულს წავიწყმენდ.
— ოც-და-შვიდი იყოს.
— არა, გეთაყვა, ფული რა სახსენებელია: საქმე დიდი გასაბედავია.
— ხომ მოხერხება შეიძლება? ოც-და-რვა იყოს.
— არა, შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ თავს ვინ გამოიმეტებს?
— ოც-და-ცხრა იყოს, — უმატებს ნელ-ნელად მოსე და ყოველ მომატებაზედ ჰხედავს, რომ სუტ-კნეინა რბილდება.
— ძალიან თავის გამომეტება კი უნდა, თორემ შეძლებით რა არ შეიძლება.
სუტ-კნეინამ, ხელოვანმა სუტ-კნეინამ, ძალიან ცბიერობითა სთქვა ეს უკანასკნელი სიტყვა, თითქო მოსე რომ ფულს უმატებს, იმას ყურსაც არ ათხოვებსო, და მარტო იმასა ჰფიქრობს: შეიძლება, თუ არაო. დიდი ხანია იცის სუტ-კნეინამა, რომ შეიძლება, მაგრამ კარგა მსუქანის ლუკმის ამოვლება უყვარდა, რაკი ქვაბში ხელს ჩაჰყოფდა ხოლმე. მოსეს რომ არ დაესწრო, თითონ სუტ-კნეინა ეტყოდა მაგას, ესე მოვიქცეთო. კალმით ნახატიაო — უთხრა და ამისთანა მახინჯს ხომ არ დაანახვებდა? სწორედ მაგისთვისაც მოვიდა, რომ მოსესთან არჩიოს, ისე კი, რომ ფულიც მეტი გამორჩეს. რაკი მოსემ დაასწრო, გამორჩენის საქმე ნახევრად გარიგდა. სუტ-კნეინას კიდეც გაუხარდა, — ეხლა მე უარზედ უნდა დავდგეო, სთქვა გულში, და თუ გამორჩენაა, აქ გამოვრჩებიო.
— ოც-და-ათი იყოს, — დაუმატა კიდევ სწორე გზაზედ დამდგარმა მოსემ. — მეტი კი აღარ შემიძლიან.
— რატომ? — დაიწყო ისევ თავისებურად კნეინამ, რაკი ოც-და-ათამდინ აიყვანა, — რატომ? შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ ნიშნობაში მეც უნდა ვიყო, რომ, თუ მოხერხდეს, კარგად მოხერხდეს. ეს არის ჭირი, რომ ამ კაბით ხომ ვერ მოვალ?
— კაბაც შენი ჭირის სანაცვლო იყოს, — დაასწრო გახარებულმა მოსემ, რაკი ჰნახა, რომ სრულიად დაიყოლია, — კაბა ჩემ კისერზედ იყოს.
— მაშ ყური მათხოვე, რას გეტყვი: მე იმას ნიშანის მოსატანად ძმას გამოვაგზავნინებ. შენ გოგო ლამაზად მორთე — ეცადე არავინ გაგცეს — სამ დღეს უკან კი უთუოდ ქორწილი უნდა მოახდინო. მოიგონე რამე, რომ ყმაწვილმა ქალის ნახვა არ მოასწროს. მერე ხომ შენ იცი, ჩემი საქმე მაშინ გათავებული იქნება.
— ნიშნობის ღამეს ფულს სრულად ჩაგაბარებ, ეხლა თუ გინდა, ეს ხუთი თუმანი ბე ისევ წაიღე.
— არა, ათი თუმანი მიბოძე, რა ვიცი, იქნება როგორ დამჭირდეს, აქ ხომ ვერ გამოვიქცევი.
— შვიდ-თუმან-ნახევარი იყოს ჯერ.
— ათი მიბოძე. ისევ შენის საქმისათვის მინდა, შენს საქმეს მოვახმარებ, თუ გამიჭირდა. ჩემთვის ხომ არა გთხოვ.
— რა? ეს ათი თუმანი იმ ოც-და-ათ თუმნის ანგარიშში არ გინდა წაიღო თუ?
სუტ-კნეინამ გაიცინა.
— მაშ, ქა?
— ჰო, ეგრე სთქვი, მე მეგონა, მართლა, ეს ცალკე გინდა, რომ ჩემს საქმეს მოახმარო.
— არა, გეთაყვანე, იმის ანგარიშში მიმაქვს. საკაბე კი მალე მიბოძე, რომ შეკერვა მოვასწრო.
— აი, ათს თუმანს მოგართმევ, იქიდამ შეიკერე და მერე გავსწორდებით.
სუტ-კნეინა დაჰყაბულდა, მაგრამ მოსტყუვდა კი.
რაღა გავაგრძელო, მოსემა და კნეინამ ესე დააწყეს საქმე და სწორედ ეგრეთაც ბოლო მოუღეს. კაი ბადე დაუგეს ლუარსაბსა და კარგადაც გააბეს.
ორი კვირა რომ გავიდა, აღტაცებულმა ლუარსაბმა, აქაო და საქმე გარიგდაო, კარგის ნიშანით თავისი უფროსი ძმა დავითი გამოისტუმრა. დიდის ყოფით მიიღეს დავითი. ხალხი მოსემ არ მოიწვივა, სრულიად არავინ, რომ ეშმაკობა არ შეუტყონ, ლუარსაბსაც მისწერა — ნურავის შეატყობინებო. აი, ის წიგნი ნამდვილი თავის ღირსებით და შეცდომებით:
„ჩემო აღმატებულო ბედნიერო გვაროვანო სიძეო:.
„თუმცა დიდათ ბედნიერი ვარ რომელიცა რომა შენგანა ვარ დღეს მოხუცებული ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღავსე ნეტარითა სიძოობითა თქვენითა და თვალი ჩემი აახილე რომელიცა რომა დაინახა ისევ გაზაფხული მუხთალისა სოფლისა ამისა ფრიად სიხარულში ვარ რომელიცა ეხლა ვარ ჩემო აღმატებულო გვაროვანო სიძეო რომელიცა გთხოვ გამოგზავნო ნიშანი რომა საქმემ არ დაიგვიანოს დიდი ხალხი არ გამოგზავნო რომელიცა რომა მე მოხუცებული კაცი ავადა ვარ სნეული და პატივი და მასლაათი და ქეიფი რომელიცა აწ მე აღარ ძალმიძს რომელიცა ფრიად შეაწუხებენ ქორწილში რომელიც თქვენ იქნებით ჩემს სახლში მასპინძელი დიაღ დიდი ხალხი მოვიწვიოთ თქვენცა დიდი და პატიოსანი ნათესაობა გყავს რომელიცა არც მე ვარ უნათესაო და ბლომად შევყაროთ ისე როგორათაც შეჰფერის დიდებულს გვაროვნობასა თქვენსა და ჩემსა ოჯახს სახლკარიანობასა ჩემსა.
“სხვებრ ბძანდებოდეთ ბედნიერებით იესო ძე ღვთის მიერ ვითხოვ თქვენს ბედნიერებას რომელიცა რომა მსურს ნახვა თქვენი თქვენი სიმამრი ბრწყინვალე თავადი მოსე ნოშრევანისძე გძელაძე:.”
რასაკვირველია, თავაზიანი ლუარსაბი ამ წიგნის შემდეგ აღარ გაგზავნიდა ბევრს ხალხსა. მარტო ერთი დავითი და ერთი კიდევ ვიღაცა გამოისტუმრა, რომ ახალი სიმამრი, რადგანაც ავად არის, არ შეაწუხონ, დავითს კი დააბარა, რომ ფულზედ კარგად მოილაპარაკოს, როდის ჩააბარებენ, და მერე ქალი კარგად გასინჯოს.
დიდის პატივით მიიღო მოსემ დავითი. ქალის მაგიერად ის მშვენიერი გოგო მორთეს და დავითს ისე აჩვენეს. დავითი გაგიჟდა — რომ დაინახა და გულში არ იყო რომ შურმაც არ გაუარა, ნამეტნავად თავისი მჭლე ცოლი რომ მოაგონდა ამასთან. ვახშამზედ რომ ისხდნენ, მარტო ოთხნი იყვნენ — დავითი და ამასთან მოყოლილი ის ვიღაცა, თითონ მოსე და ამისი მოზრდილი შვილი. კნეინაც თუმცა მოსესთან იყო, მაგრამ ქალთან ივახშმა. მოსემ ბოდიში მოიხადა, რომ ხალხი არ დაუპატიჟა ამისთანა ბრწყინვალე გვარიშვილებსა.
— რა ვქნა, შენი ჭირიმე, — უთხრა დავითს მოსემა, — ჩემო ახალო მოყვარევ! ავადა ვარ, თასლიბს ვერ გავუწევდი. სიძუნწეში არ ჩამომართო, შენი ჭირიმე! აბა, ჯერ ისე ავადმყოფი რა არის, მერე მასპინძელი რა უნდა იყოს. თორემ იმდენი სიკეთე ღმერთმა შენ მოგცეს, რამდენი ნათესაობა და მახლობლობა მე მყვანდეს. მაგრამ ჩემი მაყურებლები რა ქეიფს გასწევდნენ. ისევ ის ვამჯობინე — ნუ დავპატიჟებ-მეთქი. ამ ნიშნობამ ისე შინაურულად ჩაიაროს, ქორწილი კი ჩემ კისერზედ იყოს. ქორწილისა რა ბძანა ჩემმა სიძემა?
— რაც ჩქარა იქნება, ისა სჯობიაო, — უპასუხა დავითმა, პირფერობაში კი ნუ ჩამომართმევთ და ეს ქალი რომ ჰნახოს იმან, იმ წამშივე ჯვარს დაიწერს, თავი არ მომიკვდება!
— მზეთუნახავი ყოფილა, — დაუმატა სტუმარმაც.
— რა ვქნა? მადლობა ღმერთსა, ღმერთმა ეგ მომცა და ყველაფერი ღვთის ნებაზედ ჰკიდია, — თქვა მოსემა, — მიხარიან, თქვენმა მზემ, რომ ქალი მოგეწონათ.
— ღმერთმა აცოცხლოს პატარძალი! — წამოავლო ჯამს ხელი დავითმა, — ღმერთმა ტკბილად შეაბეროსთ ერთმანეთს!
— მადლობელი ვარ, თქვენი ჭირიმეთ! — დაუკრა ყველას თავი მოსემა. — მაშ რაც მალე იქნება, ისა სჯობია.
— იმან ისე მოგახსენათ, — უპასუხა დავითმა, — მეც, სწორედ მოგახსენოთ, მაგას ვურჩევ ჩემს ძმასა. რაღა გავაგრძელოთ საქმე.
— ჩემის ფიქრითაც ეგრე სჯობია, — სთქვა მოსემა, — ქალი აქა ჰდნება — მამისაგან კი არ უნდა ითქვას ესა, მაგრამ შორეული ხომ არა ხართ, თქვენთან რა დავმალო, — ქალი აქა ჰდნება...
— ის კიდევ იქ, თქვენმა სიცოცხლემ! — წაართო სიტყვა დავითმა.
— მაშ, როცა მიბძანებთ, მაშინ იყოს ქორწილი, — სთხოვა მოსემა.
ერთის სიტყვით, გადასწყვიტეს, რომ სამშაბათს საღამოზედ სიძე უნდა მოვიდეს და იმ ღამესვე ჯვარი უნდა დაიწეროს. მეორე დღეს დავითმა ფულზედ ჩამოუგდო ლაპარაკი. მოსემ დააჯერა, რომ ქორწილის მეორე დღეს ორასს თუმანს სულ ბაჯაღლო ოქროებს თავის ხელით მიართმევს. ხელი-ხელს დაჰკრეს, დავითი, — მეორე დღეს პატარძალი აღარ აჩვენეს, — შინ წამოვიდა და მოსე თავის სახლში დარჩა. როცა მოსემ ცხენზედ შესო და გამოისტუმრა დავითი, როცა მარტო დარჩა, ხელები დაიფშვნიტა მეტის სიხარულისაგან და სთქვა ღიმილით: ყოჩაღად წავიყვანე საქმე. ეხლა ჩემი წუხილი მარტო ის არის, რომ სუტ-კნეინას ხრიკი მოვუგდო, ერთი მიზეზი რამ მოვუგონო, რომ ფული აღარ მივცე იმაზე მეტი, რაც მიმიცია, თორემ, იმისაგან რომ მოვტყუვდე, სირცხვილია.
ამ ფიქრში იყო, რომ სუტ-კნეინა — მოსეს ცოლი არა ჰყვანდა და ჯალაბობას კნეინა ჰთამაშობდა — რომ სუტ-კნეინა წინ მოეგება გახარებული.
— ჰა, რა-რიგად მოვიდა საქმე! — უთხრა სუტ-კნეინამა, — მომილოცავს შვილის ბედნიერება. დიდი ჯაფა კი გავწიე. სულ ვიწურებოდი — შენზედ მიწა არ მენახოს — სულ ვიწურებოდი, რომ ან აი ეხლა შეიტყობენ-მეთქი, ან აი ეხლა — და დავიღუპები, მაგრამ მიშველა ღმერთმა და ვერ შეიტყეს.
— ეჰ, შე დალოცვილო — უპასუხა მოსემ, — იწურებოდი, ასე გგონია, პირველად ჩაგედინოს ამისთანა საქმე. იწურებოდა!.. თქვენი ხელობა მეტი რა არის? იწურებოდა!..
სუტ-კნეინა შეკრთა.
— არა, ჰხუმრობ, თუ მართლა მეუბნები? — ჰკითხა შემკრთალმა სუტ-კნეინამა.
— მაშ არა და გეხუმრები!
— ეხლა განა?
— ეხლაცა და მაშინაც.
— მერთმა მშვიდობა მოგცეს, თუ ეგრეა, მე კი გამისტუმრე და მერე შენ იცი.
— სადაც გინდა წაბძანდი, ხელს ვინ გიჭერს.
— რასაკვირველია. ხელს არავინ დამიჭერს, მაგრამ დაპირებული მიბოძე და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, რაც გინდა ილაპარაკე ჩემზედ: გული არ მეტკინება.
— დაპირებულიო!.. რაც მოგეცი იმასაც ვნანობ და გგონია — კიდევ მოგცე რამა!
— ეხლა ეგ ნამუსია? მოხუცებული დედაკაცი ფოშტის ცხენსავით მათრიე, ქვეყანაში თავი შევირცხვინე, საქმე საქმეზედ მოვიყვანე და ეხლა მაგას მეუბნები?! ნამუსია?
— აჩუმდი, თორემ...
— არა, ნამუსია?.. შენა გკითხავ, ნამუსია?
— ის კი ნამუსია, რომ აგიღია ფეხი, სოფლიდან სოფლად დადიხარ და მაჭანკლობ, ნამუსია? შარშან რომ ათ თუმნად შენი დისწული, გასათხოვარი ქალი, დიანბეგს მიჰგვარე, ნამუსია? როცა დაორსულდა, შენ რომ წამალი მიეცი და მუცელი წაუხდინე, ნამუსია?..
სუტ-კნეინას გული ყელში მოებჯინა, თავისი სიფრთხილე, გამოცდილობა ამგვარებში და გულის სიგრილე დაჰკარგა.
— მაშ თუ აგრეა, — დაიყვირა გაკაპასებულმა სუტ-კნეინამ, — შენი ფეხი დამკარ თავში, შენი ფეხი, თუ ეგ საქმე არ დაგიხლართო!
— შენი ლეჩაქი დამხურე თავზედ, — ამ მუქარაზედ მშვიდობიანად უპასუხა მოსემ, — შენი ლეჩაქი, თუ ეხლავ გომურში არ დაგამწყვდიო, მინამ ქორწილი არ გათავდება. რას მიზამ! მიჩივლებ თუ? არა მგონია, შენი თავი სადიანბეგოდ გახადო: ცოდვა ბევრი გაწევს კისერზედ, სულ ერთი-ერთმანეთს ზედ მიეკეცება, და მაშინ ციმბირშიაც ალაგი არ გექნება, შე ტყუილო-კნეინავ, შენა! ეს ის დიანბეგი კი არ არის, რომელსაც გოგოს გაურიგებდი ხოლმე და ბურთსავით ხელში ათამაშებდი! ის დრო წავიდა.
ვერც ამ სიტყვებმა მოიყვანეს თავის გონზედ გამწარებული სუტ-კნეინა. ის ისევ-ისე სიმწარისაგან გონებამიხდილი იყო, თორემ გაჯავრების და მუქარის მაგიერ ისეთნაირად მოიკატუნებდა თავს, ისეთნაირად მოუკვდებოდა ხელში, რომ ყველაფერს გააქარწყლებდა. ეხლა კი ჯავრისაგან, როგორცა ვთქვი, გონება დაბნეული ჰქონდა, იმიტომაც მაინც კიდევ შეჰყვირა:
— დამამწყვდევ!.. უი, მეხი კი დაგეცა მაგ უხეირო თავზედ! დამამწყვდევ რა, შენი მოახლე გოგო ვარ, ან შენი გომბიო ქალი!..
— რაო? აი, თუ გოგოზედაც უარესი არა ხარ. მე ეხლავ გაჩვენებ, როგორც გაგისტუმრებ გომურში, — უთხრა ხუმრობაგაშვებით მოსემა, — შენ რომ ჩამოგარჩო კიდეც, ხმას არავინ გამცემს. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო, მერე რომ არა დამაბრალო-რა, ეხლავ მიჩვენე ჯიბეში რა გაქვს.
მივარდა სუტ-კნეინას ჩვენი მართალი კნიაზი. სუტ-კნეინა ჯერ გაუძალიანდა, ბოლოს კი — ღვთის წყალობა გქონდეთ — იკადრა ერთის ლურჯის ხელსახოცის ამოღება, რომელშიაც რაღაცები ეხვია. სუტ-კნეინა გაფითრდა და პირი გაუშრა. ვეღარა უთხრა-რა. მოსემ გაშალა ხელსახოცი და თავისი ათი თუმანი იქ გამოკრული ისევ ხელუხლებლად ჰნახა, მაშინვე ჯიბეში იკრა. ერთი რაღაც ქაღალდიც მოჰხვდა ხელში. გაშალა, თამასუქი იყო, ის თამასუქი, რომელიც სუტ-კნეინამ ლუარსაბს დასტყუვა. მინამ ამ საქმეში იყო გართული, სუტ-კნეინას თავისი ხერხი, ეშმაკობა, გამოცდილება დაუბრუნდა. იფიქრა სუტ-კნეინამა: „ამ ყვირილს და მუქარას თავი უნდა დავანებო, თორემ დამწყვდევას გამიმართლებსო. თუნდ დამამწყვდივოს, არაფერი, ხუთი-ექვსი დღე სიზმარსავით გაირბენს: შინ მივწერ, რომ მზითევს ვუმზადებ-მეთქი და ქორწილამდინ ვეღარ გადმოვალ. ვინ რას შეიტყობს, ოღონდ ეგ ათი თუმანი მაინც დავიბრუნო! ეგ მაინც არ დამეკარგოს!..“ ამ ფიქრებმა თვალის დახამხამების უმალ გაურბინეს გონებაში სუტს, მაგრამ კი მოხერხებულს კნეინასა.
— ეს ვინ მოგცა შენ? — ჰკითხა მოსემ და აჩვენა თამასუქი. სუტ-კნეინას მზად ჰქონდა პასუხი.
— ეხლა, შენ არ დაიჯერებ, რასაკვირველია, რომ ეგ თამასუქი თუ ჩამოვართვი, ისევ შენის საქმისათვის ჩამოვართვი. თუ ვინიცობაა, რომ მოვატყუეთ, ქალი ის არ ვაჩვენეთ — ეს შეეტყო და უარზედ დამდგარიყო, ამ თამასუქს ვაჩვენებდით და ვეტყოდით: დაიწერე, თორემ დიანბეგს წარვუდგენთ და სულ ნაღდს დაგათვლევინებთ. აი, რისთვის გამოვართვი, შენ ხომ არ დაიჯერებ, გაჯავრებული ხარ, მაგრამ მე კი გული ძალიან შემტკივა შენთვისა.
— თუ ეგრეა, რატომ აქამდინ არ მაჩვენე?
— რომ ვაჩვენო-მეთქი, ვიფიქრე, ვაი თუ ამის იმედით საქმეზედ მუყაითობა იმისთანა აღარ გასწიოს-მეთქი. რა ვიცი? ხორციელები ვართ.
— ეხლა მაგითი გინდა მამატყუვო განა?
— აკი გითხარ: არ დაიჯერებ-მეთქი. კაცს რაკი ერთხელ და ერთხელ ესტიბარი წაუხდება, აღარ დაუჯერებენ. მეც ისე მომდის. შენა გგონია, გატყუებ? თუნდ ეგ ბარათი შენ მიირთვი, ორასს თუმანში გაუბარე და მე ეგ ათი თუმანიც მეყოფა, ჩემო კარგო!
— შენ მაგითი მე ვერ მომატყუებ. ეს ბარათიც მე დამრჩება, ეს ათი თუმანიცა, და შენ კი გომურის მაგიერად ხულაში დაგამწყვდევ, რომ ჯვარის-წერამდინ არ გამცე. მერე რაც გინდა ჰქენი — ბიჭო! — დაიყვირა მოსემ.
ბიჭი მოვიდა.
— ეს ტყუილი-კნეინა წააბძანე ხულაში, ხალიჩაც მიართვი, მუთაქაც, ქვეშსაგებიც. პური და ღვინო არ მოაკლოთ. ეს კი უნდა ჰქნა, რომ გარედამ კლიტით უნდა გადაკეტო და გასაღები აქ მომართო. თუ ეს აბმავი შეუტყვია ვისმე, ვაი თქვენი ბრალი!
ბიჭი არ გაინძრა, ჯერ ტყუილი ეგონა.
— არ გეყურება შე ...შვილო! — დაუჭყივლა მოსემა.
ეხლა კი იკადრა ბრძანების დაჯერება, მივიდა, წაავლო ხელი და გამოსწია საწყალ სუტ-კნეინასა, რომელიც ეხლა კი ისე მაიკუნტა, ისე მაიკუნტა, რომ მუშტის ოდენა გახდა, მაგრამ მაინც კი იმედი არ დაჰკარგა, რომ გააქარწყლებს ამ ამბავსა და მშვიდობით გადარჩება. კიდევ სიტყვა მოახერხა ეშმაკურად და უთხრა მოსესა ისე, ვითამ აქ არაფერი ამბავია:
— უი, შენ კი გენაცვალოს ჩემი თავი! ტყუილი გაჯავრება რა-რიგად გიხდება! ამ სულელ ბიჭმაც დაიჯერა, ასე ჰგონია — მართლა უბძანე. გლეხ-კაცია, ვერ მიხვდა, ნუ გაუწყრები, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!
ამისთანა ოსტატობამ კინაღამ მოსე არ გააცინა. ბიჭიც გაშტერებული შედგა. ბევრი კიდევ სხვა იოსტატა სუტ-კნეინამა, მაგრამ ვერაფერმა ვეღარ უშველა: ხულაში დაამწყვდიეს, შინ კი წიგნი მისწერა — ჯერ კი მოსემ გადიკითხა — რომ აქ მზითევს და საკერავებს ვუმზადებო და ოთხშაბათამდინ ნუ მომელოდებითო. ეს მისწერა, შევიდა ხულაში, დაჯდა ხალიჩაზედ და დაიწყო ტარის რთვა, რომელსაც, საცა წავიდოდა, თან წაიღებდა ხოლმე. ესე იყო, მითამდა აქ არაფერია.