კაცია-ადამიანი?!
X
მეხუთე დღეს შინ მშვიდობით მოვიდნენ ჩვენი ბედნიერი ცოლქმარნი, თან მოჰყვათ, რასაკვირველია, იმედი, რომ შვილი გაუჩნდებათ. მაგრამ გავიდა სამი თვე — ყმაწვილმა მუცელში არ გაიჩუჩუნა, გავიდა ექვსი თვე — კაბა არ დაუვიწროვდა დარეჯანსა. გავიდა ცხრა თვეც და დარეჯანს მუცელი არ ასტკივდა. დარეჯანი მაინც იმედს არა ჰკარგავდა: ამდენი სხვა-და-სხვა ფერის და სხვა-და-სხვა ნაირად შელოცვილი ქვები შეიბა და კაბის უბეზედ დაიკერა, რომ მართლა იმედი უნდა ჰქონოდა, და ჰქონდა კიდეც. თუ აქამდინ არ ეყოლა, ის იმიტომ, რომ ლუარსაბმა ხატს დაამუნათა და წააყვედრა — „შორს არისო“. თორემ ეს დამუნათება და წაყვედრება არა ყოფილიყო, ეხლა შვილი ეჯდებოდა დარეჯანს კალთაში. ლუარსაბი ავ გუნებაზედ იყო. ეგ არაფერია, რომ შვილი არ უჩნდებოდა და ხატმა მოატყუვა: დაიბარა და არ მისცა კი შვილი; ამის ჯავრი ის იყო, რომ დავითს, ამის ძმასა, უთქვამს: „ის ოხერი, როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო“. ესა ჰკლავდა ლუარსაბსა, თორემ შვილის უყოლობა ამისთვის კიდევ დიდი უბედურება არ იყო.
ერთხელ ესე დაღონებული აქეთ ტახტზედ გულდაღმა იწვა ლუარსაბი, იქით ტახტზედ კიდევ კნეინა დარეჯანი წინდასა ჰქსოვდა. ძალიან ცუდს გუნებაზედ იყო ხმაგაკმენდილი ჭერს გაუშტერა თვალი და ჰფიქრობდა, იმაზედ ჰფიქრობდა, როგორ მოახერხოს, რომ შვილი გაუჩნდეს. — „განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს? — ამბობდა თავის-თავად, — შენც არ მამიკვდე! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო. იმისი ჯავრი არ მინდა შევირჩინო, თორემ ეს ჯაბრი რომ არ იყოს, ძალიანაც არ ვინაღვლიდი, რომ შვილი არა მყავს. ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი. დავითი არ მინდა გავახარო, დავითი!”
ეს რომა სთქვა თავის-თავად, გადმობრუნდა დარეჯანისაკენ დაღონებული და მწუხარე ხმით უთხრა:
— ეხლა დავითს უნდა შერჩეს ის სიტყვები!.. უნდა ჩვენს მამულ-დედულზედ გავახაროთ!.. დარეჯან შენი ჭირიმე, თუ გიყვარდე, თუ გიყვარდე, აი! ერთი ვაჟიშვილი ჰშობე, დავითის გამოჯავრებით მაინცა ჰშობე, რომ სხვა არა იყოს-რა. ოღონდ იმისი ჯავრი კი ამომაყრევინე და მერე თუნდა მამკალ. შენი ჭირიმე, შენი დედაკაცობის ჭირიმე! თუ გიყვარდე, აი!
— ვშობამ, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, ვშობამ, თუ აგრეა! — უპასუხა კნეინამ ისე, ასე გგონია მართლა ამის ხელში იყოს შვილის შობა. — წუხელის სიზმარში ერთმა მოხუცებულმა კაცმა — ფეხებამდინ უმტვერო ქაღალდივით წვერი ჰქონდა — ერთი წამალი დამალევინა და მითხრა: გამრავლდი, ვითარცა იაკობო! მე მაშინვე მუხლზედ ვემთხვივე, შენ მაგიერადაც ვემთხვივე.
— მართლა? — წამოიძახა იმედმოცემულმა ლუარსაბმა, — ისე თვალითა ნახე?
— აი, როგორც შენა გხედავ.
— ენი ჭირიმე!.. მაშ იმედია, დარეჯან-ჯან!
— მაშ ქა!
— ო, შენ გეთაყვანე, შენა! — დაიჯერა და გაიღიმა ლუარსაბმა, — როგორ გითხრა?
— გამრავლდიო, ვითარცა იაკობ.
— იაკობი ვინ იყო?
დარეჯანმა არ იცოდა, ვინ იყო. ისე კი გაეგო, მგონი — წირვა-ლოცვაზედ, იაკობის სახელი, და ვინ იყო, რა იყო, როდის იყო — ამაების არა იცოდა-რა. მაგრამ არ-ცოდნა ითაკილა, ისევ რაღაცა მოჭორება ირჩივა „არ ვიცის“ თქმასა, როგორც ამ-გვარ შემთხვევაში ყველა ქართველმა იცის ხოლმე.
— ვინ იყო? — იკითხა დარეჯანმა, — წირვა-ლოცვაზედ მაინც არ გაგიგია? აბრაამის მძახლის განაყოფის შვილი იყო.
— ეხლა, გამრავლდიო, ვითარცა იაკობ, მითამ რაო?
— მითამ ისაო, რომ გამრავლდიო, — აუხსნა დარეჯანმა.
— აი, ვენაცვალე იმის ენას! მაშ იმედია?
— იდევ! ნუ იცი შენ ეგ, ნუ! ნუ ხარ უჯერო, ცოდვაა.
— აღარ ვიქნები, აღარ, ოღონდ შენ შვილი ჰშობე, თუნდა ენასაც მოვიკვნეტ, ოღონდ კი დავითს ნუ გაახარებ.
— ღმერთია მოწყალე გეუბნები, არ გავახარებ-მეთქი.
— ახ, ნეტავი კი მართალა ჰშობო და.
— კიდევ! ნუ ხარ უჯათი, წმინდა კაცის სიტყვაზედ როგორ ხარ უჯერო, რა დაგემართა?!
— აი, დალახვრა ღმერთმა! ჩემ-თავად გულში უნდა მეთქვა — ღმერთმან იცის — და აკი კიდევ წამომცდა. ახ, ნეტ...
—კიდევ!
— ფუი, დალახვრა ღმერთმა! კინაღამ კიდევ არ წამცდა!.. ეხლა, მეტად რომ მინდა, იმიტომ, თორემ... ეჰ, გადავბრუნდები, დავიძინებ, თორემ, მე რომ ვიცი ჩემის ენის ამბავი, ერთს კიდევ წამომაროშვინებს რასმეს და ღმერთი მიწყენს.
— თელეთისა არ იყოს! იმდენი ამუნათე, იმდენი იძახე — შორს არისო, რომ გაგვიწყრა და აი, დღესაც შვილი არა გვყავს.
— მერე აკი მაშინვე შევეხვეწე, ნუ გაჯავრდები-მეთქი. რატომ არ მაპატივა! რა ვუყოთ, რომ „შორს არის“-მეთქი ერთხელ წამომცდა? ერთი ალილო მღვდელსაც შესცდებაო.
— კარგი, კარგი! რაც იყო, იყო; ეხლა მაინც არ აწყენინო.
— მაშ დავიძინებ.
— შენი ნებაა.
ლუარსაბი გადატრიალდა და პატარა ხანს უკან ერთი მადლიანი თავისებური ხვრინვა ამოუშვა.
ნეტავი არ დაეძინა. ძილში საშინელი სიზმარი ჰნახა. ჰნახა, რომ დავითი სიხარულით აღარ არის, რომ ამას შვილი არ უჩნდება; დადის ყველგან და სულ იმას იძახის: ის ოხერი როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო. სტკივა გული ლუარსაბსა, ჯავრი მოსდის, გული ყელში მოებჯინა. რა ჰქნას? — „ღმერთო! — ამბობს სიზმარში გულნატკენად ლუარსაბი, — რა დაგიშავე, შე დალოცვილო, რომ შვილს არ მაძლევ? მიბძანე და აკი გიახელ თელეთს სალოცავადა, თორმეტ-აბაზიანი ცხვარი დაგიკალ, ორი აბაზის წმინდა სანთელი აგინთე. სხვა რა ვქნა? წირვა-ლოცვას უამისოდაც არ ვაკლდებოდი, მარხვა მე არ გამიტეხია, ყოველ წელიწადს წმინდა ზიარება მიმიღია და აღსარება მითქვამს. აბა ჩვენ მღვდელსა ჰკითხე, თუ მე ცოდვა მიქნია რამე. დავითის ლუკმად უნდა გამხადო?! რაც იმას ქვეყანაზედ ცოდვა ჩაუდენია, ვინ მოსთვლის? შარშან ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია. პურის ნატეხს რომ მიწაზედ ჰხედავს, არ აიღებს და არ ემთხვეა, იქნება ფეხიც დაადგას და გასრისოს კიდეცა. უკურთხეველ ყურძენსა სჭამს, ფერისცვალობამდის არ მოიცდის ხოლმე, აღდგომა-დღეს მღვდელს არ მოუცდის — რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს — როგორც დათვი, ამისთანა მსუნაგია. ზიარებით კი ეზიარება ხოლმე, მაგრამ რა გამოვიდა? სამი დღე ემზადება, მარტო სამი დღე. აბა, ეს რა ზიარებაა! ეს ყველა იცი — შე დალოცვილო ღმერთო — და მაინც კიდევ იმისაკენა ხარ! დაილოცა შენი სამართალი! ჰო, მართლა, ერთი კიდევ დამავიწყდა: ერთი მწევარი ჰყავს, თავის თეფშში აჭმევს ხოლმე. ქრისტიანი კაცი კია! მე ხომ ამისთანას არაფერსა ვცოდავ, რად მიწყრები? მერცხალი გინდა, იმას დასძლევს ხოლმე,∗ ოფოფი გინდა, იმას დასძლევს, გუგული, კვიცი — რაც გინდა, ყველაფერი ბოროტი იმაშია. მე კი — ღმერთო, ხომ შენ იცი — არაფერს არ დაუძლევივარ, რად მიწყრები? იმისთვის, რომ თელეთში წასვლაზედ ჭოჭმანობა დავიწყე? აკი მაშინვე მოვინანიე!..“
ეგრე უჩიოდა ღმერთს ლუარსაბი. მერე ჰნახა, რომ მითამ ღმერთმა მიიღო ეს ჩივილი საბუთად და გული მოიბრუნა ლუარსაბისაკენ, აი, მითამ რვა თვეც არის, რაც დარეჯანი ორსულია. ერთი თვეც, ერთად-ერთი, და ლუარსაბს შვილი ეყოლება და დავითს თვალი დაუდგება. უხარიან სიზმარში ლუარსაბსა, რომ ამის ჩივილმა გასჭრა, სიხარულით ფეხზედ ვეღარა დგება. დავით და იმისი ცოლი ჯავრით აღარ არიან. ლუარსაბს ისე შვილი არ უხარიან, როგორც ისა, რომ დავითი და ელისაბედი ჯავრით აღარ არიან. ორი კვირაც მითამ გავიდა, აი, ორი კვირა კიდევ და დარეჯანი დაწვება. უხარიან, უხარიან ლუარსაბს, მაგრამ! — აი, უბედურება — ლუარსაბი უეცრად ავადა ჰხდება და ძალიანაც ჰხდება, ასე რომ მითამ მოკვდა კიდეცა. მაგრამ ისე კი მოკვდა, რომ ყველაფერსა ჰგრძნობს. ესმის, რომ დარეჯანი საშინელის ხმითა სტირის და სოფლის მოტირალე დედაკაცები მწუხარე ბანს აძლევენ. ესმის, რომ იქით, სადღაც კუთხეში, დავითი და ელისაბედი იცინიან, ჰხტიან და ლუარსაბის ავეჯეულობა თავის სახლში გადააქვთ. ლუარსაბს სისხლი ყელში მოსდის, უნდა წამოდგეს, მაგრამ იცის რომ მკვდარია და იმიტომ არა დგება. — „ხვალ მამულებს ჩავიბარებო,” — იძახის ხმა-მაღლა დავითი. ლუარსაბი იწურება ამ სიტყვებზედა, იტანჯება, უნდა სთქვას — რომ „ნუ მისცემთო, დარეჯანი ორსულად არის, შვილი ეყოლებაო”, მაგრამ იცის, რომ მკვდარია და არას ამბობს. საშინელ მდგომარეობაშია საწყალი, ცოცხალ-მკვდარი ლუარსაბი. რა ჰქნას აბა მკვდარმა? — „ვაი, რა დროს მოვკვდი!.. როცა ღმერთმა შვილის მოცემა ინება, მაშინ! — ამბობს სიზმარში თავის-თავად ლუარსაბი, — ახ, ნეტავი ეხლა კი გავცოცხლდე და!..“
მაგრამ სად არის გაცოცხლება? აი, კუბოც მოიტანეს, აი, ჩაასვენეს კიდეცა და კუბოში ჩადებული და მორთული დაასვენეს ტახტზედა. მესამე დღეს მღვდლებიც მოვიდნენ, ასწიეს კუბო და წაიღეს გალობითა და ტირილითა. ამ გალობაში და ტირილში დავითისა და იმის ცოლის მხიარული სიმღერა ესმის ლუარსაბსა. ესმის ეს ყველაფერი, ჰგრძნობს რომ ანდერძიც აუგეს და სასაფლაოზედაც წაიღეს, უნდა სთქვას: „ნუ დამმარხავთო“, მაგრამ იცის მკვდარია და არას ამბობს. აი, მიწაში ჩაუშვეს საწყალი ლუარსაბი, ესმის, რომ საფლავის პირზედ დავითი სდგას და ეუბნება დიანბეგს: ხვალ მამულები უნდა ჩამაბაროვო. ელისაბედი კი უჯავრდება: რას ჰბოდავ? სახვალიოდ რად იხდი საქმესა, განა დღეს კი ვერ ჩაიბარებ? ლუარსაბს ეს ყველაფერი ესმის, ჰხვნეშის, ჰწვალობს, იტანჯება, ცივ ოფლს ასხამს, ჰკანკალებს, თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი. — „ახ! ნეტავი კი ეხლა გავცოცხლდე და!“ — იძახის გულში ლუარსაბი.
მაგრამ სად არის გაცოცხლება? აი, მიწაც მოაყარეს, ჯერ მუჭა-მუჭად მიწა ცვივა და კუბოს ფიცრებზედ რახა-რუხი გააქვს, მერე შეატყო, რომ ნიჩბებითაც დაუწყეს მიწის ყრა. ლუარსაბს უღონდება გული, სული ეხუთება, ჰაერი დაეხშო და, აი, ერთი წუთიც და გათავდება კიდეცა. მაგრამ ვინ არის მეშველი? ესმის, რომ ხალხის ხმაურობა თან-და-თან მისწყდა, ყველანი წავიდნენ და მარტო ლუარსაბი საფლავში დააგდეს დაფლული. გულმა ტეხა დაუწყო, რომ დარეჯანმაც კი — ამის საყვარელმა დარეჯანმაც კი — სხვებსავით თავი დაანება და ამასთან არ დაიმარხა. ლუარსაბს გული ამოუჯდა, დაიწყო ტირილი: „ეგ იმედი მქონდა იმისაგან!“ ამბობს თავის გულში: „დამაცა, შენც საიქიოს არ მოხვალ, იქ მოგაგონებ“. ამ ლაპარაკში რომ არის, საფლავზედ ფერხულის ხმა შემოესმა, ხმა გაიკმინდა, ყური დაუგდო. მოესმა, რომ დავითი და ელისაბედი ფერხულში ჩაბმულან და ჯერ კიდევ სველ საფლავზედა ფერხულსაც უვლიან. „ჩაძაღლდი, განა?“ — უყვირიან ზემოდამ. ეხლა კი გული აენთო; ერთი საშინლად გაინძრა, უნდოდა ისე წამოწეულიყო, რომ კუბოს თავი და მიწა აეგლიჯნა, საფლავიდამ ამოსულიყო, ამათთვის ერთი ყოფა დაეწია და თავზედ ლაფი დაესხა. ამ ტრიალში და ვაი-ვაგლახში რომ არის, ერთი იხტუნა, მითამ საფლავიდამ ამოხტომა უნდა, და ტახტიდამ ძირს აგურებზედ კი ბრაგვანი მოიღო. მაშინ კი თვალები დააჭყიტა, ჯერ კიდევ სიზმრის შიშის-ზარი ისევ უბზუოდა თავში, ასე რომ სულელსავით გაშტერებული და ფილაქანზედ გაშოტილი პირღია დარჩა. სასაცილო რამ იყო. ისე დაიკარგა, ისე გაფითრებული და ცივ ოფლში იყო, რომ დიდხანს გონზედ ვეღარ მოვიდა და არამც თუ წამოდგომა მოაგონდა, არც კი გაინძრა. ისეთი შეშინებული იყო, რომ სიკვდილის ფერი ედო ოფლიან სახეზედა. ამის დაცემაზედ ოთახი, რასაკვირველია, შეინძრა. დარეჯანს თურმე — იქით, მეორე ტახტზედ — ჩასძინებოდა და ოთახის ზანზარზედ ამასაც გამოეღვიძა. ამან, — რადგანაც ჯერ არ იცოდა ლუარსაბი რა ყოფაშია, — ჯერ წამოიძახა, — ლუარსაბ! გაიგე? მიწისძვრა იყო.
ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავში იყო და ხმა არ გასცა, დარეჯანი წამოჯდა და მხოლოდ მაშინ დაინახა, რომ ლუარსაბი გაფითრებული აგურებზედ უძრავად ჰგდია და სულელსავით დაუჭყეტია უგუნური თვალები. დარეჯანს ფერი ეცვალა.
— უი შენს დარეჯანსა! ეს რა დაგმართვია, შენ გეთაყვანოს ჩემი ცოცხალი თავი!
ლუარსაბმა ვერც ეს დარეჯანის ნათქვამი გაიგო. სიზმარმა ისეთი თავბრუ დაასხა, რომ შიში ჯერ გამონელებული არა ჰქონდა და ეს ამბავი სიზმრის გაგრძელება ეგონა, იმიტომ ჯერ არც-არა ესმოდა-რა და ვერცა-რასა ჰხედავდა, თუმცა თვალები კი ეჭყიტა. დიაღ, ჯერ ისევ სიზმარი ეგონა, მხოლოდ ის აოცებდა, რომ „აკი დამმარხესო და მგონი მე ჩემს ოთახში ვარ ეხლაო. ეს როგორ მოჰხდაო?”
ამის ფიქრში დაიფანტა ამისი გონება. ამიტომაც პასუხის მაგიერად თავისი შიშნაჭამი თვალები გიჟსავით შეაჭყიტა დარეჯანსა, თითქო ჰხედავს კიდეცაო და არც იჯერებსო, რომ იმის წინ დარეჯანია. დარეჯანს ელდა ეცა, ხომ არ გაგიჟდაო. მაშინვე ტახტიდამ ჩამოფრინდა და მივარდა გაშოტვილს ლუარსაბს.
— რა დაგემართა, შენი ჭირიმე, შენი! ხმა ამოიღე, გეთაყვანე, თორემ ლამის მე ჩემი დამემართოს!
— დამაცა!.. — გაუქნივა თანაც ხელი ლუარსაბმა, მითამ მამშორდიო, — მინდა მოვიგონო.
ესა სთქვა, ხმა გაიკმინდა, მაინც არ წამოდგა და თვალებდაჭყეტილმა და პირდაღებულმა დაიწყო ფიქრი, რომ მოიგონოს ის, რაც დაემართა. ისე უეცრად და ამ ყოფით გამოღვიძებულს სიზმრის ამბავი ცოტაღა დაახსოვდა და ის უნდა მოეგონა.
— შენ გენაცვალე! — მიემუდარა დარეჯანი, — ჩქარა მითხარ, თორემ შიშისაგან ლამის გავთავდე.
ლუარსაბმა ყური არ ათხოვა და სიზმრის ფიქრში წასულმა თავის-თავად ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო:
— მე მოვკვდი. დარეჯანი ჯერ კი ტიროდა და მერე, როცა დამმარხეს და ყველამ თავი დამანება, დარეჯანმაც მიღალატა. ეგ იმედი მქონდა იმისაგან? თავი დამანება და ჩემთან არ დაიმარხა!.. აკი უყვარდი! დამაცალოს!.. ის სულ-ძაღლი დავითი!.. ის ქოფაკი ჩემი რძალი!.. ფერხული დააბეს განა, დამაცადონ!.. აი, მკვდარი არა ვყოფილიყავ, მე ვუჩვენებდი იმათ!.. მაგრამ რა მექნა, რომ მკვდარი ვიყავი!..
ბევრს რაღაცეების ბოდვას მოჰყვა ჩვენი ლუარსაბი. დარეჯანი კი გაფითრებული ყურს უგდებდა, არ ესმოდა რას ჰლაპარაკობს.
— შენი ჭირიმე, ლუარსაბ! — უთხრა კანკალით დარეჯანმა, — სიზმარში ხარ, თუ ცხადივ? მითხარ, თორემ შენს მაყურებელს სული დამელია.
— ეხლა განა? მაშინ რატომ არ დაგელია, როცა მიწა მომაყარე და მარტოკა ჩამფალი შავ მიწაშია?
— რას ამბობ, შენი ჭირიმე, რასა? ერთი შემატყობინე.
— რა უნდა შეგატყობინო? ცარიელი ტირილით რა გამოვიდა, უნდა თან ჩამამყოლოდი. არა გრცხვენიან, პირში როგორღა მიყურებ?
— უი, თვალები ეხლა დამდგომია, თვალები! — შეჰჭყივლა დარეჯანმა და მაშინვე გამოვიდა მოაჯირზედ, რომ ბიჭებს დაუძახოს, რადგანაც გული დააჯერა, რომ ლუარსაბისათვის ეშმაკს ძილში თავში ჩაუკრამს და ჭკვიდამ შეუშლია. ის კი არა თუ, ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავშია.
— მიშველეთ, მიშველეთ!
ჰყვიროდა დარეჯანი მოაჯირიდამ თავში ცემით თავმოხდილი და გაწეწილი.
— მიშველეთ! უი ამ დღის მნახველსა, შე ქოფაკო დარეჯანო!
ჰყვიროდა კნეინა და იცემდა თავში, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ლუარსაბი ამ ყვირილზედ სრულიად გამოფხიზლდა. წამოხტა აგურებიდამ და ისე გაღეღილი გავარდა, რომ შეიტყოს, რა დამართვია დარეჯანსა. დარეჯანმა დაინახა თუ არა ლუარსაბი, ეგონა — მე გამომიდგაო, იშვირა ფეხი და ეცა კიბეს. კიბეზედ ფეხი გაუსხლტა და ისე რახა-რუხით ჩაგორდა ძირამდინა. ამ კიჟინაზედ და ვაი-ვაგლახზედ ბიჭები მოგროვდნენ.
— დაიჭირეთ, დააბით! — წივოდა გვერდებდალეწილი დარეჯანი, — დაიჭირეთ, თორემ დაგვჭამს, ვაი, შე ქოფაკო თავო! ამ დღესაც შეესწარ, რომ ქმარი გაგიგიჟდა!
ჰწიოდა საწყალი კნეინა და იცემდა ძალზედ თავში, თითქო იმისი ბრალი იყოს ლუარსაბის გაგიჟება. ლუარსაბი გაოცდა, ეს ამბავი რომ ჰნახა, სრულიად გაშრა. ეხლა ამას ეგონა, რომ ცოლი გაუგიჟდა და დაიწყო საწყალმა ტირილი: გულჩვილი იყო.
— რა გაყვირებს, ადამიანო, — გადასძახა ხმაამოჯდომით და ნაღვლიანად დარეჯანსა, სრულიად გონებაზედ მოსულმა და დამშვიდებულმა, — ვინ გაგიჟდა, შენი სულისა, შენი! მე ჩემ გონებაზედა ვარ.
დარეჯანმა შემოჰხედა, დაინახა, რომ ლუარსაბი ისევ ის ლუარსაბია, არც გიჟი, არც ჭკვიანი, არც ფლავი, არც ჩლავი; მაგრამ მაინც კიდევ ჯერ ეჭვში იყო. გიჟმა იცის ხანდისხან დაჭკვიანებაო, გაიფიქრა გულში.
— აბა სწორედ შემომხედე, — დაუძახა ქვევიდამ დარეჯანმა და თვალები შემოაჭყიტა.
— აჰა, შენი სულისა! — სთქვა და შეჰხედა ლუარსაბმა.
— წეღან რას ჰლაპარაკობდი?
— აბა როდის, შენი ჭირიმე!
— აი, აგურებზედ რომ იწექი.
— სიზმარი ვნახე და იმას ვიგონებდი.
— მაშ აგურებზედ რად იყავი გაშოტილი?
— ცუდი სიზმარი ვნახე: მმარხავდნენ მითამ და საფლავიდამ ამოხტომა მინდოდა და ძირს კი დავეცი.
— მართლა, შენ გენაცვალე! — შემოჰხარა დარეჯანმა, — ვუი, შერცხვენილო თავო! მე კი ქვეყანა შევყარე, ქმარი გამიგიჟდა-მეთქი.
დარეჯანი ამოვიდა მაღლა ლუარსაბთან და მაშინვე შემოსცინა. ლუარსაბმაც კბილები დაუკრიჭა.
— მართლა გიჟი გეგონე, შენი სულისა? — ჰკითხა ლუარსაბმა.
— მართლა მეგონე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი.
— აი, დალახვრა ღმერთმა, მე კიდევ შენ მეგონე გიჟი. მადლობა ღმერთსა, ორივ კარგადა ვართ. კიბეზედ რომ ჩაგორდი?
— რა მიშავს? მე, რაკი შენ შენს გონებაზედ გხედავ, ყველაფერი დამავიწყდა.
— მეც ისე ვარ.
— უი, შენი ჭირიმე, შენი! რომ მართლა გაგიჟებულიყავ, რა მამივიდოდა? — უთხრა ესა დარეჯანმა და სიხარულით ატაცებულმა, რომ ლუარსაბი თავის ჭკვაზედ არის, ლოყაზედ უჩქმიტა.
ლუარსაბს იამა და, რომ უკან არ ჩამორჩეს ალერსშია, თითონაც უჩქმიტა და ზედ ტკბილის ხმით და ღიმილით „ჰი!” დაატანა. ესე მოხდა ეს ამბავი.