კაცია-ადამიანი?!
XII
მეორე დღეს გუშინდელი ბიჭები დაიბარა ლუარსაბმა და ამისთანა საუბარი დაუწყო:
— მართლა ორმო იყო?
— თქვენი რისხვა არა გვაქვს, მართლა ვნახეთ, — მიუგეს ბიჭებმა. იმათ ხომ მალე იციან ამისთანაების გატანა.
— არა, თქვენ ის ორი თვალითა ჰნახეთ?
— ორის თვალითა, აი ისე, როგორც შენ გხედავთ, ბატონო!
— დიდება შენდა, ღმერთო! ამოდენა კაცი აქ დავბერდი და მე იქ ორმო არსად არ მინახავს!.. გაგონილა? როგორ შეიტყო? დიდი მისნობა არ უნდა ჰქონდეს?..
— მაგის ხელობა ეგ არის, შენი ჭირიმე, და იქიდამ შეიტყო, — მიუგეს ბიჭებმა.
— ალბად ეგრეა, თორემ... აი, დალახვრა ღმერთმა! აბა, თქვენ გინახავთ ვისმე იქ ორმო, ან გაგიგონიათ?
— რაც არ არის, რასა ჰნახავდნენ, — წაიბუტბუტა ერთმა თავმოწონებულმა ყმაწვილმა ბიჭმა, რომელიც შორი-ახლო იდგა და მკლავი ხანჯალზედ ებჯინა, — ერთი რაღაც გოგო-ბიჭების ნაჩიჩქნია და იმ კუდიანმა ორმოდ გახადა. რა უკვირთ?
ეს ისე სთქვა, რასაკვირველია, რომ ლუარსაბს არ გააგებინა.
— შენ რა გენაღვლება, ძმაო, — წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, — ხომ ჰხედავ — ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?
— შენი რისხვა არა მქონდეს, — მიუბრუნდა მერე ბატონს ცბიერი მონა, — მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს დღევანდლამდინა. აი, ჭიპი აქ მომიჭრია და ამოდენა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, შენი ჭირიმე, კუდიანის საქმე ეგ არის.
— განა ის კუდიანი იყო?
— მაშ? კუდიანობის ღამეს, ჭიაკოკონობას, შენი ჭირიმე, გადააჯდებიან ხოლმე — აი, დასწყევლოთ ღმერთმა — ცოცხზედა და თავის ბატონთან გაფრინდებიან ხოლმე. მოგახსენებენ, ჩიტურაშვილის დედა თურმე ბუხარში აძვრება ხოლმე, ცოცხზედ — როგორც ცხენზედ — შეჯდება და, ჰერი ბიჭო, გაუტევს ხოლმე.
— ეგ მეც გამიგია. რამდენი სასწაულია ქვეყანაზედ! დიდება შენდა ღმერთო!.. — გადიწერა პირჯვარი ლუარსაბმა, — მაშ ჩიტურაშვილის დედასაც ეცოდინება მკითხაობა?
— განა ყველამ იცის, შენი ჭირიმე! ის უფროსი რომ ჰყავთ და კუდიანობის ღამეს ძღვენით რომ მიდიან ხოლმე, ის უფროსი თურმე ეტყვის: შენ, მავანო, მკითხაობა მიჩუქებია შენთვის, მეორეს კიდევ ეტყვის: შენთვის — აქიმობაო, ესე გახლავთ.
— ეგრე იქნება, თორემ აბა საიდამ გამოიცნობდა, რომ იქ ორმო არის? ჭკვიანი არ უნდა იყოს ის უფროსი?
— მოგახსენებენ, სოლომონ ბრძენზედ უფრო ჭკვიანიაო.
— არ ეტყობა, თუ! დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! — გადიწერა ისევ პირჯვარი და შევიდა ოთახში დარეჯანთან.
— გაიგე, დედაკაცო, რა ამბები მოახდინა იმ უხეირო, უკბილო ბებერმა? — უთხრა ცოლსა, — ის უფროსი რომ ჰყავთ, იმისი პირველი კარის-კაცი ეგ უნდა იყოს. აი, დალახვროს ღმერთმა! ეს რა ვნახე, თქვენი ჭირიმეთ!
— კარგი, ნუღარ მომაგონე, თუ ღმერთი გწამს! აქამდინ ტანში შიშისაგან ჟრუანტელი მივლის.
— აი, გულთმისნობა რა არის! ამდენს ხალხს ჩემს სახლში ჭიპი მოუჭრიათ და ერთმა არ იცოდა დღევანდლამდინ, რომ იქ ორმოა. რა ქნა, თქვენი ჭირიმეთ!
— ღმერთო, შეგცოდე და, იმას თუ ეშმაკი არ ეჯდა ტანში, რა ვიცი?
ცოლ-ქმარმა ეშმაკის ხსენებაზედ პირჯვარი გადაიწერეს და სამჯერ შეაფურთხეს ეშმაკსა.
— ეხლა კი... რა ვიცი? ეხლაც რომ შვილი არ გვეყოლოს, ერთი მეტის-მეტი ღვთის წყრომა იქნება, — სთქვა ლუარსაბმა.
— ეჰ, შენც ერთი!.. მაგას რაღა თქმა უნდა. ისე დაჯერებული ვარ, რომ მითამ შვილი კალთაში მჯდომია. რაები არ გამოიცნო!.. მოდი და ნუ დაიჯერებ.
— მაშ! მეც იმიტომ ვამბობ და!.. მკითხაობა რომ არ გაეჩინა ღმერთსა — ვენაცვალე იმის სიბრძნეს — რა გვეშველებოდა? ჯადოს ვიღა იპოვიდა?
ორივენი ჩაჩუმდნენ და ორივენი მაინც კიდევ გაოცებულნი იმეორებდნენ გონებაში გუშინდელს საოცარს ამბავსა. ბოლოს ლუარსაბმა ისევ დაიწყო:
— დარეჯან! წყალში ხომ არა ჰხედავდა? ჰა? შენ რას იტყვი?
— იქნება მართლა! შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, სწორედ წყალში ჰხედავდა.
— რა ვქნა, მე კი აგრე მგონია და!
— ღმერთმან იცის, იქნება სწორედ ეგრე იყოს.
— რა ვიცი! მე კი რაღაც ეჭვი მაქვს და!
— ენმა მზემ, ეგრე უნდა იყოს.
— რა ვიცი, ჩემმა გონებამ კი ეგრე გასჭრა და!
— ჩემი გულიც ეგრე მითხრობს, ლუარსაბის სიცოცხლემ!
— იმ ხორბლის მარცვალს რომ ჩააგდებდა ხოლმე წყალში და რაღაცა რგოლები კეთდებოდა, ის ხომ არ იყო?
— იქნება მართლა! სწორედ ის იქნებოდა.
— რა „ის”?
— რომ სთქვი „ისა”.
— აკი გითხარ! — მიუგო ლუარსაბმა თავმოწონებით, რომ მე გამოვიცანიო, — სწორედ ეგრე უნდა იყოს, თორემ ის დედაკაცი ეშმაკი ხომ არ იყო, რომ იმისთანა სასწაული მოეხდინა.
— ეგრე უნდა იყოს, მე კი — ღმერთო, შეგცოდე, — ეშმაკობა შევწამე.
— შენგან არ მიკვირს! ეშმაკი როგორ იქნებოდა, რქები არა ჰქონდა. ეშმაკს რქები უნდა ჰქონდეს.
— ეჰ, განა ეგ მე კი არ ვიცი, ისე გავიფიქრე.
— ჰო, ეგ სხვა არის.
ორივენი დაჩუმდნენ, ორივენი დარწმუნდნენ, რომ რაც გუშინ არ ესმოდათ, მკითხავს რომ უყურებდნენ, ის დღეს გამოიცნეს და გაიგეს.
— მე კი გამოვიცან, აი, — დაიკვეხა ლუარსაბმა. დარეჯანს, თუმცა ლუარსაბი უყვარდა, მაგრამ მაინც კიდევ თითონ უნდოდა, რომ გამოცნობის სახელი ამისი იყოს და არა ლუარსაბისა: კაცი სულელი, თუ ბრძენი, ყოველთვის თავმოყვარეა.
— განა, რომ მდომებოდა, მე კი ვერ გამოვიცნობდი, — მიუგო დარეჯანმა, — არ მინდოდა, თორემ გუშინვე გამოცნობილი მქონდა.
— ეხლა მაგას დაიჟინებ.
— ღმერთმანი, რომ ასეა.
— ეჰ, შენ ხომ კაცი ვერას დაგანახვებს და თუნდ სოლომონ ბრძენი მოვიდეს, მაშინვე ეტყვი: მე შენზედ ჭკვიანი ვარო. ეხლა რა არის, ერთხელ მე დამითმო. უცხო ხომ არა ვარ, შენი ქმარი ვარ.
არ ვიცი, დარეჯანმა დაუთმო, თუ არა, ეს კი ვიცი, რომ ლუარსაბს ძალიან ეწყინა, დარეჯანი რომ შეეცილა.