კაცია-ადამიანი?!
VI
ოცი წელიწადია თურმე, რაც ლუარსაბი და დარეჯანი ერთს უღელში შებმულან და ერთს ბედის კალთას ქვეშ ამოფარებულან. საოცარი ამბავია ამათი ჯვარისწერა. ჯერ ლუარსაბი თავის ძმასთან — დავითთან — გაუყრელი იყო, როცა ოცი წლისა შესრულდა და მოინდომა ცოლის შერთვა. ძალიან მოინდომა, მაგრამ არ იცოდა ვისი ქალი შეერთო; მდიდარიც უნდოდა, კაი გვარის-შვილიც და მზეთუნახავიცა. ამაების მექონი ქალი ჩვენში ძვირია. ლუარსაბს ჯერ კი თვალი ეჭირა — იქნება შემხვდესო, და, რომ ვერსად ვერა ჰპოვა, გაიზრახა გულში — შეიკეროს პტყელის ბუზმენტებით ჩოხა, ბუზმენტებითვე მორთული განიერი მაუდის შალვარი, ერთი ოციოდ თუმანს თავი მოუყაროს და ჩავიდეს ქალაქში იმ ფიქრით, რომ ერთი-ორიოდჯერ ქუჩა-ქუჩა გავაჭენებ დროშკასაო, იქნება ერთი მდიდარი, კაი გვარის და ოჯახის შვილი ქალი ბადეს მოხვდესო, თუ არა და სომხის ქალები ხომ იქ არიან, ათასს თუმანს წამოვიღებო. ბოლოს შეიტყო, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის; თავად გძელაძეს, დიაღ პატიოსანის გვარის და კაი ოჯახის შვილს, ერთი მზეთუნახავი ქალი უზის გასათხოვარი და ზედ ზურგზედ ორასი თუმანი თეთრი ნაღდად აკერია. აუფორთხალდა ლუარსაბს გული, გაუჯდა გვერდებში და დღე-მუდამ საამურად უღიტინებდა, მაგრამ არ იცოდა — როგორ მოეხდინა საქმე. უშველა ღმერთმა და ერთს დღეს მაჭანკალიც გაუტყვრა.
მაჭანკალი, გძელაძისაგან მოგზავნილი, გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ღარიბი და ქვრივი დედაკაცი, რომელიც მას აქეთ, რაც ქმარი მოჰკდომოდა, ამ პატიოსანის ხელობით თავს ირჩენდა. ამას „სუტ-კნეინას“ ეძახოდნენ, იმიტომ რომ ამისი უბედური ქმარი მთელ სიცოცხლეში კნიაზობას ეძებდა და ვერ დაიმტკიცა. ჩვენც ეგრე დავუძახოთ.
დიდი ენამეტყველობის სახელი ჰქონდა გავარდნილი თავადიშვილებში ამ სუტ-კნეინასა. ამისთანა გამოცდილი შუამავალი თურმე ორიც არ დადიოდა დედამიწის ზურგზედა. ამიტომაც ბლომად იღებდა ფეხის-ქირასა, მაგრამ ეს იყო კარგი, რომ რაკი იკისრებდა საქმეს, ბოლოსაც მოუღებდა. აი, გძელაძესაც ეს ამოერჩივა, ხუთი თუმანი ბე მიეცა და თხუთმეტსაც დაჰპირებოდა, როცა საქმეს გაარიგებს. თუმცა გძელაძემ გამოგზავნა ლუარსაბთან, მაგრამ გამოცდილმა სუტ-კნეინამ ისე აჩვენა თავი, რომ მითამ ჩემ თავად მოვედიო, რომ ლუარსაბსაც დაავალოს და დასცინცლოს რამე.
ეს მოჰხდა ერთის აზნაურიშვილის სახლში, რომელმაც ჯვარი დაიწერა და ქორწილში სხვათა შორის ლუარსაბიც დაჰპატიჟა. ის სუტ-კნეინა ამ აზნაურიშვილის მამიდა იყო. ქორწილის მეორე დღეს, სადილის შემდეგ, ჩვენი ლუარსაბი შექეიფიანებული წავიდა და ფანჩატურში დაწვა. მზე დაწურვაზედ იყო, როცა ვიღაცამ ხელი ჰკრა და გააღვიძა. ლუარსაბმა გააჭყიტა თვალები და დაინახა ერთი პატიოსანი ხნიერი დედაკაცი. წამოხტა მაშინვე ფეხზედ.
— დაბძანდით, შენი ჭირიმე, მოისვენეთ, — უთხრა სუტ-კნეინამა, — უკაცრავოდა ვარ, მოსვენება დაგიფრთხეთ, მაგრამ დედითქვენის მეგობრობა და ხათრიჯამი რომ მაგონდება, ის პატივი და სიყვარული, თქვენზედაც გული შემტკივა... აი ამოდენა (დაბლა ხელით აჩვენა) ხელში მჭერიხართ, მითამაშებიხართ. დედა-თქვენი და მე დიდი მეგობრები ვიყავით, უერთი-ერთმანეთოდ ვერ გაგვეძლო, დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა: დები რად იქნებიან ისე, როგორც ჩვენ ვიყავით. დედა-თქვენი ხომ არ გახსოვთ?
— არა, მე მაშინ ორის წლისა ძლივა ვყოფილვარ, — მიუგო ლუარსაბმა, რომელმაც არ იცოდა ჯერ, რა ამბავია და ან რა უნდა ამ კნეინასა.
— რასაკვირველია, არ გეხსომებათ. ის უბედური ღმერთს რომ თავის უმანკო სულს აბარებდა, — იმის დამკარგავი მე ცოცხალი რაღადა ვარ, ეჰ, მადლობა ღმერთს, იმის ნებას ვინ წაუვა, — რომ უმანკო სულს აბარებდა, მე მაშინ ფეხთით ვეჯექი. ყველანი დაითხოვა ჩემ-გარდა. მამა თქვენი, მგონია, მაშინ მიცვალებული იყო.
— არა, ჯერ მასუკან თუნდ ექვსი წელიწადი იცოცხლა, — მიუგო ისევ ლუარსაბმა.
— მართლა, მართლა, რამ დამავიწყა? — სთქვა სუტ-კნეინამა, მითამ-და მართლა დაავიწყდა, — აი, სიბერე რა არის, ხსოვნამ მიღალატა, დიაღ, ცოცხალი ბძანდებოდა. დახე ჩემს გონებას! თავის პირით არ მიბძანა: „დაო, ხორეშან! ვიცი, რა სიყვარული გაქვთ შენ და ჩემ ცოლსა, წადი, ფეხთით დაუჯექ, იამება, შენ რომ გნახავს ისე ჩემი ნახვაც არ იამება“. მამა-თქვენი დარბაისელი კაცი იყო, დიდი პატიოსანი, სახელოვანი და ყველასაგან პატივცემული. დიდი შიში-კრძალვა ჰქონდათ იმისი, განა მარტო საქრისტიანოში, სალეკოშიაც; დაღისტნამდინ იმისი სახელი გავარდნილი იყო, რუსებისაგანაც დიდი პატივი ჰქონდა. აბა თქვენ რა გეხსომებათ, პატარა იყავით. ჰო, რას მოგახსენებდით?.. — ჰკითხა ლუარსაბსა.
— რომ მამი-ჩემის სახელი დაღისტნამდინ გავარდნილი იყო, რომ რუსებისაგანაც დიდი პატივი ჰქონია, — უპასუხა ლუარსაბმა.
— არა, ეგ ხომ ვიცი. რაზედ დავიწყე, ის დამავიწყდა, ვეღარ მომიგონებია. აი, ბატონო, სიბერე ეს გახლავთ: წუთის წინად რას ვლაპარაკობდი, არ მახსოვს, მამა-თქვენის სიკვდილი — ოცის წლის ამბავი — რომ არ მახსოვდეს, რა საკვირველია.
— თორმეტის წლის ამბავი გახლავთ, — გაუსწორა ლუარსაბმა
— თუნდ თორმეტისა, მაინც საკვირველი არ არის. რაზედ დავიწყე ლაპარაკი?.. — ჩაფიქრდა სუტ-კნეინა, მითამ-და არ იცოდა, რაზედ დაიწყო. იცოდა, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ჰფიქრობდა, ისე როგორ მოახერხოს, რომ ლუარსაბმა ტყუილში ვეღარ დაიჭიროს, როგორც მამის სიკვდილში დაიჭირა. ლუარსაბი გაშტერებული იდგა და სულ არ ესმოდა, რა განზრახვით მოსულა ამასთან კნეინა და რა განზრახვით ჰლაპარაკობს.
— ჰო, მართლა! — წამოიძახა სუტ-კნეინამა, ფიქრის შემდეგ, — იმას მოგახსენებდით: ცხონებული დედა-თქვენი რომ უმანკო სულს უფალს აბარებდა, ყველანი დაითხოვა, ჩემ-გარდა, და, როცა მარტოკანი დავრჩით, მიბძანა თავის სირინოზის ხმითა: „მე, ჩემო გულითადო მეგობარო ხორეშან, დიდის ხნის სიცოცხლე აღარა მაქვს. ვიცი, რომ ჩემი სიყვარული დიდი გაქვს. აი, ეს შენ და ეს ჩემი ობლები, შენ იყავ ამათი დედა“. ეს რომ ბძანა, — ვუი უბედურების მნახველს! — გული ამოუჯდა. მეც ღაპა-ღუპით წამომივიდა ცრემლები, ბევრი ვიტირეთ. მერე ხომ განუტევა კიდეც ის ანგელოზის სული. მე, როგორც თავზარდაცემული, ისე გიჟსავით დავრბოდი, თურმე ეგონათ — ვერ ავიტან მწუხარებას და ჭკვიდამ შევცდები. დიდი სიყვარული გვქონდა, ესე ვიყავით, თითქო ერთი ხორცი გვაქვსო და ერთი სული. დედა-თქვენიც ასეთი დედაკაცი ბძანდებოდა, — დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი, — ასეთი დედაკაცი ბძანდებოდა, რომ ყველას ხატსავით უნდა ელოცნა. ასეთი რამ იყო! სადღა არიან ეხლა იმისთანები! ჩვენც ვიტყვით, დედაკაცები ვართო... მესამეს დღეს ქრისტიანულის წესით მივაბარეთ მიწასა იმისი ნათელი გვამი. დიდი სამღვდელო იყო მოპატიჟებული. მოგახსენებენ, მამა-თქვენს გვამის გასაპატიოსნებლად არქიელიც უნდა მოეწვივა, მაგრამ დროშკის ცხენები ვერ ეშოვნათ, რომ გაეგზავნათ. თქვენ ერთი ბეწო ობლები დარჩით, თქვენ და დავით პატარები იყავით, თქვენ მაშინვე შემიყვარდით, თქვენკენ მაშინვე გული უფრო მამიწევდა. არ ვიცი რად, — დათიკოც ხომ იმისი ნაშობი იყო, მაგრამ თქვენ ჩემთვის სხვა იყავით. მე თქვენ ხომ არ გეხსომებით?
— არა, არ მახსოვხართ.
— აბა, რასაკვირველია, არ გეხსომები, შენ სამის წლისა იქნებოდი, როცა მე ქმარი მომიკვდა, — ვაი იმის დამკარგავს! — მას აქეთ შინიდამა ფეხი არ გამომიდგამს, — ვარ ესე უნუგეშო, უპატრონო, ქვრივ-ოხერი. სიხარული ჩემთვის სიხარული აღარ არის, ქვეყანა ჩემთვის სულ შავებშია ჩაცმული. მაპატივეთ კადნიერება, იქნება თავი მოგაწყინეთ. რა ვქნა? ბედისაგან დამწვარ-დადაგული ვარ, დარდები მეშლება ხოლმე. რაღა გავაგრძელო, მოკლე სიტყვა სჯობია. თქვენ სამის წლისა იქნებოდით, რომ ქმარი დავკარგე. მოგშორდით და მას აქეთ აღარ მინახვიხართ, მაგრამ გულით ისევ თქვენთან ვიყავი; ვისაც კი თქვენებურს შევხვდებოდი, თქვენს ამბავს ვკითხავდი, ერთ ღამეს — აი, ეს სამი თვეც არ იქნება — დამეძინა. ვნახოთ, ღრმა ძილში რომ ვარ — ერთი მშვენიერი ანგელოზი, შუქმოფენილი, განწმენდილი და გასპეტაკებული თვალ-წინ გამომეცხადა. სიზმარს მოგახსენებთ, მაგრამ ასეთი სიზმარი იყო, რომ აქამდინ ცხადი მგონია. — „ხორეშან!— მიბძანა სულმა ცხოველმა, — მე შენის გულითადის მეგობრის სული ვარ, განწმენდილი და გასპეტაკებული“. მაშინვე მუხლებზედ მოვეხვიე დედი-თქვენის სულსა, დედა-თქვენი ბძანდებოდა. — „მუხლებზედ ნუ მეხვევი, — მიბძანა ხელახლად, — მე შენგან გული მტკივა: რად დაანებე თავი ჩემს დავითს და ლუარსაბსა? დავითი კიდევ არაფერი, იმან ცოლი იშოვა და დაბინავდა, ლუარსაბს რატომ არ ჰპატრონობ?“ სამი ღამე ერთი-ერთმანეთზედ მომევლინებოდა და სულ იმას მეტყოდა ხოლმე. ეგრე გახლდათ, თქვენი დაუტირებელი არ მოვკვდე! თუნდ ეგ არ ყოფილიყო, მე — როგორც მოგახსენეთ — უფლისა წინაშე აღთქმა მივეც, რომ დედობა გაგიწივო, და, აი, დღეს მოვიდა ის დღე. თქვენ ყმაწვილი კაცი ბძანდებით. მე, რა წამსაც დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი, რასაც გაუგიჟებია ის საწყალი ქალი. ღმერთმა შეარცხვინოს შენს მხარ-ბეჭთან ყარამანის მხარ-ბეჭი და სიტურფე ტარიელისა, გონიერება გარდანქეშანისა. თვალი მოგკარით თუ არა, მაშინვე მივხვდი, რასაც აუნთია ცეცხლი იმ უბედურის ქალის გულშია. უბედურს ვამბობ იმიტომ, რომ იქნება თქვენ იმაზედ არც კი ჰფიქრობთ, ის კი იქა ჰდნება.
ლუარსაბს იამა, ისე უნებლიეთ ქუდი უფრო ჩაიტეხა, კისერი მოიღერა, წვრილ, ახალ აშლილ ულვაშებს ხელი გადუსო, წელში გასწორდა და მხარ-ბეჭი მოიმარჯვა. ისე იამა, რომ პირველ ხანში ვერ მოახერხა სიტყვის თქმაცა. ჯერ არ იცოდა, რასაკვირველია, ის ქალი ვინ იყო, მაგრამ მაინც იამა.
— არც ქალია ურიგო, — დაიწყო ისევ სუტ-კნეინამა, — როგორი ყარამანიც შენ ხარ, იმისთანა სალბიხურამან ის არის. სწორედ ტარიელ და ნესტანდარეჯანი იქნებით, ორივე ერთად რომ შეგყაროთ. არც გვარი და შთამომავლობა აქვს ცუდი. მუხრან-ბატონთან ერთ ფურცელზედ არის იმათი გვარიც ჩაწერილი. კაი ქალი, კაი გვარიშვილი, კაი ოჯახი, სახელგანთქმული ნათესაობა — ბიძა ერთი მაიორი ჰყავს, მეორე დიანბეგია თათრებში, ფულიც აქვს ნაღდად, მეტი რა გინდა? მერე დედი-შენის სურვილიც არის. ის ანგელოზი წუხელიც მომევლინა და მითხრა: „ეგ უთუოდ მოახდინეო!“
— ფული რაერთი აქვს? — ჰკითხა ლუარსაბმა.
— ორასი თუმანი ექნება?
— ნაღდად?
— სულ ბაჯაღლო ოქრო; შინა აქვს, პარკში შეკრული.
— გძელაძიანთ ქალი ხომ არ არის?
— თქვენ ვინ გითხრათ?
— მე ვიცი.
— მაინც?
— ვიცი, ის არის. განა მე კი გულში არა მქონდა იმ ქალის სახე, — მორცხობით ჩაიღიმილა ამ სიტყვაზედ ლუარსაბმა.
— საიდამ? გინახავს თუ?
— თვალითაც არ მინახავს, მაგრამ ისე ვიცი.
— მაშ ნებას დამრთავთ თქვენ მაგიერ ვილაპარაკო? რა-რიგად გაუხარდება ქალსა!
— თორემ მამას კი არა, — სთქვა სუტ-კნეინის ქებით გაზვიადებულმა ლუარსაბმა.
— არ გაუხარდება, თქვენმა მზემ! — გაუძნელა ძალად საქმე სუტ-კნეინამ.
— მაშ იმისგან არა ხართ მოგზავნილი?
— რას ბძანებთ? იმისაგან რომ ვიყო, საქმე გათავდებოდა, რაკი თქვენი ნებაც არის. ის არის, რომ თითონ მამა დიდს უარზედ სდგას.
— უარზე სდგასო!.. — წამოიძახა გულნატკენმა ლუარსაბმა, — რაში მიწუნებს მითამ? გვარი იმაზედ ცუდი არა მაქვს და ოჯახი მითამ რაო?
— ეხლა, ხომ მოგეხსენებათ, რიხიანი კაცია.
— მაშ არა იქს, რაღა?
— როგორ არა იქს, მაგრამ დიდი ცდა და ხერხიანობა კი უნდა.
— აშ შეიძლება დავიყოლიოთ?
— ვინ იცის? ეგ ხერხზედ ჰკიდია, მაგრამ მაინც კიდევ ღმერთმა იცის, ჯიუტი კაცია.
— ერხი კიდევ თქვენი საქმეა.
— მართალია, მაგრამ მარტო ჩემი ხერხი რასა იქს?
— სხვა რა უნდა? რაც შემეძლება, ჩემ კისერზედ იყოს. მადლის გადახდა ჩვენც ვიცით.
— უი, შენ გეთაყვანე, შენა! მაგას ვინ მოგახსენებს? გულუხვობაში თქვენი გვარი დიდი ხანია განთქმულია, განა არ ვიცი, თუნდ ეგ არ იყოს, დედიშენის შვილს მე უნდა გამოგართო რამე, მაშინ შემერგება ლუკმა? არა, გეთაყვა, მე მაგას არ ვიქ, — ეგ შენ იცი. მაგრამ... მაგარი ეს არის, რომ „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“, ერთი ოციოდ თუმანი მოგინდება, რომ იმისი მახლობლები შემოვისყიდოთ. ერთი კაცია იქ, იმისი სიტყვა გძელაძიანთ მოსესათვის ბეჭედია, ფირმანია სწორედ. იმას უნდა ხახა დავულბოთ.
— ეხლა სად ვიშოვო მე ოცი თუმანი? — უთხრა ცხვირ-პირ-ჩამოშვებულმა და დაღონებულმა ლუარსაბმა.
— მაგაზედ ნუ შესწუხდები: შენ თამასუქი მამეც და ფულს მე გიშოვი.
— ბატონი ხარ. აი, თუნდ ეხლავ, — წაატანა სიტყვა გახარებულმა ლუარსაბმა.
სუტ-კნეინამ, რომ ჰნახა ესე ადვილად ლუარსაბის დაყოლება, იფიქრა: სულელი ყოფილა, რატომ ბლომად არ ვუთხარიო და, რომ გაასწოროს შეცდომა, ეს მოიგონა:
— ეს კი უნდა იცოდე, ჩემო შვილო, რომ დიდს სარგებელს გამოგართმევენ.
— დიდსა? მაინც რამდენს?
— თუმანზედ შვიდ შაურს.
— რა ვუყოთ, მივცემ. „როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო“, — ნათქვამია...
— მაშ ყური დამიგდე: შენ ჯერ უარზედ დადეგ, ვინც რა უნდა გითხრას, ფეხი მაგრა დააჭირე, იქნება იმ ქოფაკს, როცა დაყაბულდება, ჭახრაკი მოვუჭიროთ, მეტი დავსტყუოთ, გესმის? მე სულ შენთვის ვამბობ, თორემ მე რა მერგება. ხომ გესმის?
— ესმის, როგორ არ მესმის! ფეხი უნდა დავაჭირო.
— მაშ ეხლა მე ვიცი, ხვალ დილაზედ თამასუქს მოვამზადებინებ, შენც ხელი მოაწერე და მერე მე ვიცი.
— თამასუქი წინ მოგცე?
— მაშ, ქა!.. ფულს ისე ვინ განდობს? მე რომ მქონდეს, არ დაგიჭერ, ხომ იცი. დედი-შენის შვილს როგორ დავუჭერ, მაგრამ მე, ქვრივ-ოხერს, ვინ მომაბადა, სომეხს უნდა გამოვართო. აბა სომეხი, ხომ იცი, რა ურიაა.
— ვიცი, ვიცი.
— მერე, როცა გავარიგებ, მეც ერთი ქვრივ-ოხერი ვარ... ერთი-ორჯერ პურს მაინც მაჭმევ, — შეაბრალა თავი სუტ-კნეინამა, — შენი გვარი დარდიმანდობაში და პურ-მარილობაში განთქმულია.
ლუარსაბს იამებოდა ხოლმე, როცა ეგრე იხსენიებდნენ იმის გვარს, ოღონდ ეს გეთქვა და ჩოხას გაიხდიდა და შენ ჩაგაცმევდა.
— ერთი ეს მითხარ, ქალი როგორია? ყველა-ყველა და ეს კი დაგვავიწყდა, — მოიგონა ბოლოს ლუარსაბმა.
— წიგნში და ხელსაქმეში კარგად გაწურთვნილია, მეტი რა გინდა, — უპასუხა იმანაც.
— წიგნი რად მინდა? რა, ბრძნად ხომ არ დავსომ!.. შენ ერთი ეს მითხარ, მადლიანი სახე აქვს? ფერზედ როგორ არის?
— მაგას ნუღარ მკითხავ, კალმით ნახატია.
— მაშ რაღა, ფეხი დავაჭირო? — ჰკითხა ლუარსაბმა, რომელსაც სუტ-კნეინის უკანასკნელ სიტყვებზედ სიხარულმა და წადილმა ტანში მეტად საამურად გაურბინა.
— დიაღ, ფეხი დააჭირე. ამას შენთვის ვამბობ, რადგანაც ჩემს დაზედ უკეთესის შვილი ხარ, თორემ — თითონ შენ იცი — მე გამორჩენა არა მაქვს-რა. ჩემის სულის საცხონებლად მინდა მოვახდინო ეს საქმე, თორემ მოსე გძელაძე მე არას მამცემს. ნეტავი დავიყოლიო და დედი-შენის შვილის ბედნიერება მოვახდინო და გამორჩენას ვინ იკითხავს!
— ჩემ კისერზედ იყოს ეგა. ლამაზია? — ჰკითხა ღიმილით კიდევ ლუარსაბმა.
— გითხარ — კალმით ნახატია-მეთქი.
— ორასი თუმანიცა აქვს?
— იქნება მეტიც. — ეგ მე და შენზედ ჰკიდია.
— იქნება მეტიცო!.. ჰა, თქვენ რას იტყვით, ცუდი არ იქნება, — ისე სთქვა ლუარსაბმა, თითქო რჩევას ეხლა აპირებსო.
— შენ როგორღაც გულში ჯერ არ გადაგიწყვეტნია, როგორც ვხედავ, — დაატანა ცბიერმა სუტ-კნეინამ, რომ გამოათქმევინოს, გულში კარგად გაუჯდა თუ არა; თუ გაუჯდა, კიდევ დასტყუოს რამე.
— ეჰ, რას ბძანებ?
— როგორ რას ვბძანებ? თუ გულში არა გაქვს, ნუ შემარცხვენ, ეხლავ თავი დამანებებინე.
— თავი როგორ დაგანებებინო, რომ იმ ქალის სიყვარული გულში ნაღვერდალსავით ჩამიგდე. აბა, როგორ დავანებო თავი? მითამ რაში დავიწუნებ?
— მაშ გავათავეთ?
— გავათავეთ.
— უი, შენ გენაცვალოს ჩემი თავი! ძლივს დედი-შენის მოვალეობას და უფლისა წინაშე აღთქმას არ შევასრულებ, თუ მოსე გძელაძე ძალიან არ გაგვიჯიუტდა!
— ის კაცი რომ სთქვი, მოიყიდე, მეც აქ ფეხს დავაჭერ.
— ნეტავი იმის მეტი ქრთამი არ დაგვეხარჯოს! იქნება სხვასაც მოუნდეს.
— შუაზედ გაუყავ ოცი თუმანი.
— უი ჩემ თვალებს! ქა, როგორ იქნება? უბრალო კაცის შვილები ხომ არ არიან, ათ-ათ თუმანში ხელი გაისვარონ, თავადიშვილები არიან, სახელგანთქმულები, იმათი მოსყიდვა ადვილი არ არის. აი, როგორ გეტყობა, რომ ჯერ ყმაწვილი ხარ.
— ოცის წლისა ჯერ სრული არა ვარ, — იტყუა ლუარსაბმა, სრული იყო.
— ისიც ჩვიდმეტის წლისა იქნება. სწორედ გვრიტები იქნებით. უი, ნეტავი კი იმ ბედნიერ დღეს შევესწრა, რომ თქვენ ერთად მხარი-მხარ მსხდომნი გნახოთ და! ბევრი არ შემოგნატრებენ!
— მაშ ერთი აუჩქარე, თუ მართლა ეგრეა, თუ ღმერთი გწამს, — შეეხვეწა მოუთმენელი ლუარსაბი.
— ნეტავი ჩემს აჩქარებაზედ იყოს დამოკიდებული და მალე მტერი მოგიკვდეს, მალე მე მაგას ბოლო მოვუღო, მაგრამ ის წყეული მამაა საქმე. ღმერთი მოწყალეა, ნუ გეშინიან.
ეგრე გათავდა პირველი მოციქულობა სახელოვანის მოციქულისა. ლუარსაბს ამ დღის აქეთ, ცხადივ თუ სიზმრად, სულ ის კალმით ნახატი ქალი აგონდებოდა და ორას-თუმნიანი პარკი. საღერღელი მეტად აეშალა, სურვილმა მეტად აადუღა, ასე რომ, როცა მოიგონებდა, ერთს ლაზათიანად გაიზმორებდა და ამას იტყოდა მსუნაგსავით ტუჩის ლოკვითა: „კალმით ნახატი ქალი, ორასი თუმანი ბაჯაღლო ოქრო და იქნება მეტიცო... ჰა! რას იტყვი ლუარსაბ, ურიგო არ იქნება, განა? ამაზედ არის ნათქვამი: „ბედი მომეცი და სანახვეზედ გადამაგდეო!“