კაცია-ადამიანი?!
IX
ჩვენმა ლუარსაბმა ესე დაიწერა ჯვარი. თუმცა ძალადობით მოხდა ესა, თუმცა მზითევშიაც მოატყუეს და მზეთუნახავის მაგიერ მახინჯი დარეჯანი შერთეს, მაგრამ — შუბლზედ ეგ მეწერაო — იფიქრა და დაემორჩილა ბედისწერასა. ბოლოს ხომ, — შენც იცი, მკითხველო, — რომ ამათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამათ კი ისე ეგონათ რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი. „ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო”. — ნათქვამია, ფერი ფერს შეხვდა და ერთმანეთი შეიფერეს. ეს შეფერება ჩვენში ცოტასა აქვს მიღებული სიყვარულად? კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, — და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევ — ვიღაცამა სთქვა — ბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის, იმიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო”, — ნათქვამია.
ჩვენი ცოლ-ქმარნი კი ამისთანანი არ იყვნენ: ამათ თავიანთ ცხოვრებაზედ „მჯობი“ ცხოვრება არ ეგონათ ქვეყანაზედა. ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა, მხოლოდ ერთი ჯავრი ედოთ გულშია: შვილი არა ჰყვანდათ. აი, ლუარსაბი ორმოცის წლისა და დარეჯანი ორმოცდაერთისა შესრულდა, რომ ღმერთმა მემკვიდრე არ უბოძათ. ბევრჯერ გადაფურცლა კნეინამ კარაბადინი, ბევრი რაღაც ბალახბულახი მიირთო და ლუარსაბსაც დაალევინა. მაგრამ ვერა ეშველათ-რა. „ტყუილად თავს რად იხეთქენ, — ამბობდა ხოლმე ამათზედ ღვარძლიანი ელისაბედი, — ტყუილად რად იხეთქენ? სოლომონ ბრძნის წიგნს რომ ჩააბულბულებდა ხოლმე და კუდიანობდა — ეგ იმან ჩასცხო თავშია. ღმერთმა მაგათზედ გული აიყარა, ეხლა აღარა ეშველებათ-რა”.
ჩვენი ცოლ-ქმარნი კი იმედს არა ჰკარგავდნენ. შეიტყეს, რომ ქალაქში ერთი მკითხავია, ის შეიტყობს უშვილობის მიზეზსაო. თუმცა შვილოსნობის დრო გადასვლოდათ, მაგრამ მაინც კიდევ ქალაქისაკენ კაცი აფრინეს, თან გაატანეს ერთი კარგი ბაღდადი, რომელზედაც — როგორც მოგეხსენებათ — უკითხავს მკითხავი იმას, ვინც თითონ ვერ მივა, და რომელიც, რასაკვირველია, მკითხავს დარჩება ხოლმე. სამს დღეს უკან ბიჭმა პასუხი მოუტანათ, რომა „თქვენზედ ხატია გამწყრალიო. მერე რომელი ხატი? თელეთისაო, ასე სთქვა მკითხავმაო“. ეს რომ გაიგეს ცოლ-ქმართ, ერთ დროს და ერთხმად პირჯვრისწერით წამოიძახეს:
— საიდამ სად მოგვიკითხა! დიდება სახელსა უფლისასა, — სთქვეს და ისევ პირჯვარი გადიწერეს.
— დალახვრა ღმერთმა! საიდამ სად მოგვიკითხა! — ისევ გაიმეორა ლუარსაბმა.
— ხატზედ „დალახვრას“ როგორ ამბობ?
— ღმერთო, ნუ მიწყენ, ღმერთო, ნუ მიწყენ! — რამდენჯერმე პირჯვარი გადიწერა სხაპა-სხუპით, — აი, დალახვრა ღმერთმა, დაჩვეული რომ ვარ, ისე თავის-თავად ითქმის ხოლმე, ღმერთო, ნუ მიწყენ!
— ახლა რას იტყვი, ლუარსაბ, წავიდეთ?
— შორს რომ არის?
— რა ვუყოთ? ალბად ნება ღვთისა ეგ არის.
— მოდი, აქვე ნეკრესის ღვთისმშობელი ვილოცოთ.
— თელეთის ხატს ეწყინება: მე დავიბარეო, აქ კი არ მოვიდნენო და იქ კი წავიდნენო, იტყვის.
— მართალია, ეწყინება. გული მოუვა. აი, მე ხომ კაცი ვარ, მეც გული მამივიდოდა და ის ხომ ხატი ბძანდება — ვენაცვალე იმის მადლს! — უფრო გული არ უნდა მოუვიდეს?
— ეგ არის და.
— აშ რა ვქნათ?
— უნდა წავიდეთ.
— შორს კი არის, თუ შენც იტყვი.
— ეხლა, თუ მივდივართ, ნუღარ ამადლებ — გვიწყენს.
— მართლა, მართლა! ნუ მიწყენ, აგრემც დიდება შენსა სახელსა, ხატო თელეთისაო! გიახლები, გიახლები და თაყვანსა ვცემ სახელსა შენსა.
დაიჯერეს მკითხავის სიტყვა: თედოს შეაბმევინეს ურემი, გადააფარეს ფარდაგი, ერთი კარგი ცხვარი დააკრეს ურმის ბოლოს, ახსენეს ღმერთი და ერთ მშვენიერ ზაფხულის დილას შეუდგნენ ქალაქის შარა-გზასა. ურემში ისხდნენ კნეინა დარეჯანი და მისი მოახლე ლამაზისეული. ერთი ბიჭი და ლუარსაბი თავის წითელს ულაყ ცხენზედ მჯდომი ნელ-ნელა აედევნენ უკან ფეხმძიმე ურემსა. მეომარის თვალადობა ჰქონდა ამ-ჟამად ჩვენს უამისოდაც საყვარელს ლუარსაბსა, თუმცა კი, როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა. წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზედ პტყელი ჩაღსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა. თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდი — კახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილი — რადგანაცა ცხელოდა, — ერთის სიტყვით, ხმლის პირი, ზედწამოცმულ ვაშლით, რომ ამოღებული სჭეროდა, თავიდამ ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა.
ამ ყოფით ავიდნენ თელეთში მეხუთე დღეს, ილოცეს და მეორე დღესვე დაბრუნდნენ. ქალაქს რომ ჩამოუარეს და შეუდგნენ კახეთის გზასა, კნეინა დარეჯანმა შეაქცია ზურგი კოფასა, წამოიჩოქა და გამოჰხედა ქალაქსა. ლუარსაბს ურემში ეძინა. ისიც გააღვიძა.
— ლუარსაბ, ერთი შეხედე, რა ამბავია. ამოდენა ქვეყანა გაგონილა, რომ აქ არის! დიდება შენდა, ღმერთო! სულ ქვითკირის შენობა უნდა იყოს.
კნეინას ქალაქი ჯერ არ ენახა.
— მაშ არა და წნული იქნება.
— ერთი შეხედე და, რამდენი საყდრებია!..
— ვიცი. განა არა ვყოფილვარ?
— პირველად რომ ჩაგიყვანეს, კენჭები არ ჩაგაყლაპეს?∗
— როგორ არა? სამი ასეთი კენჭი ჩავყლაპე, რომ ძლივს მოვინელე.
— აღარ დაგცადა ქალაქმა?
— არა, რაღას დამცდიდა. რომ კენჭებ-ჩაყლაპული ვიყავ? რომ არ ჩამეყლაპა, მაშინ სხვა იქნებოდა.
— ეგ ხომ აგრეა. კაი სანახავი კი უნდა იყოს!
— კარგი როგორ არ არის, მთელი მილეთის ხალხი სულ მანდ დაწანწალებს: თათარი, ყაზილბაში, ურია, ოსი, სომეხი, რუსები ხომ რაღა, ბუზსავით ირევიან.
— მართალია, რომ აქ კაცს თავს მოსჭრიანო და მერე ისევ გააცოცხლებენო?
— მართალია, მაშ? ეგ კიდევ რა! რაღაც მოუგონიათო, ფიცრებს თავის-თავად ხერხავსო.
— ეხლა ეგა სთქვი.
— თავი არ მამიკვდება.
— როგორ? ისე თავის-თავად?
— თავის-თავად.
— არც კაცია, არც ადამიანი?
— არა.
— მაშ ხერხი ვის უჭირავს?
— ეშმაკს და ქაჯს, ღმერთმა ნუ იცის რუსების თავი!
— რუსების მოგონილია განა ეგა?
— მაშ არა და შენის მაზლის დავითისაა!
— დიდება შენდა, ღმერთო თვალთმაქცობას რომ ჰთამაშობენ, ისიც გინახავს?
— აბა რომელი?
— აი, გაჭენებულ ცხენზედ რომ კაცი დადგება, იმ კაცზედ კიდევ კაცი, იმაზედ კიდევ კაცი და კიდევა და კიდევა.
— ეგ რა არის? მე კი არ დავდგებოდი ხოლმე გაჭენებულ ცხენზედ ჩემ პატარა ბიჭობაში!.. — დაიკვეხა ლუარსაბმა.
— აი, შენმა მზემ! შენ კი იქნებოდი, რომ დამდგარიყავ.
— ღმერთმა იცის! ეხლა ჯანი აღარ მამდევს და სიმარდე, თორემ ეხლავ გიჩვენებდი.
— ნუ იკვეხ. ხომ ვიცი, ჩემო კარგო, რაცა ხარ.
— განა კვეხნისთვის ვამბობ? მე იმისთვის ვთქვი, რომ ეგ რა თვალთმაქცობაა-მეთქი. მაგაზედ უფრო ბევრი ასეთია, რომ...
— მაინც?
— რა ვიცი, რამდენი რამ არის.
— სთქვი რაღა, მეც ვიცოდე.
— ბევრია.
— მაინც?
— რა ვიცი, რამდენი რაღაცაებია...
— მაინც?
— ეჰ, ვინ მოსთვლის? ბევრია, ნეტავი შენ! რა-რიგად ჩამოცხა! უჰ!
რომ არ იცოდა რა ეთქვა ჩვენ უბოროტო ლუარსაბსა, სიტყვა გადაასხვაფერა. მოიხადა ყალმუხის ქუდი, შუბლიდან და სახიდან იმითი ჩამოიწმინდა ოფლი. მერე გააკეთებინა ჩიბუხი და ჩიბუხის წევაში ისევ ხვრინვა ამოუშვა, მერე ასეთი, რომ რამდენიმე დღის უძილო ეგონებოდა კაცსა.