კაცია-ადამიანი?!
XIV
აღარ გაათავებ? — მკითხავს მოწყენილი, და იქნება გაჯავრებულიც, მკითხველი. — როგორ არა? გავათავებ, მაგრამ იცით რითა? იმითი, რომ ლუარსაბის ბედნიერება დაირღვევა. თუ მაგისთანა მტკიცე ბედნიერებაც დაირღვევა, მაშ რაღა ყოფილა დაურღვეველი ქვეყანაზედ? — დაიძახებს ჩემთან ერთხმად დაღონებული მკითხველი.
მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ქართვლის ანდაზა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ — ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის რასაკვირველია, დაირღვევა ღვთისა და თქვენის წყალობითა, ჩემო ძველის გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ საყვარელო ქართველო!..
გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.
მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ.
წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.
მე გავათავე და შენ, რაც გინდა, ჰქმენ, მკითხველო! გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ. ორივეს საბუთი ისევ ამავე მოთხრობაში გაქვს. თუ ოდესმე თვალი აგიხილებია და შენს გარშემო რაც გინახავს, იმაზედ გონება გივარჯიშებია, — ნახავდი, რომ ხშირად ერთი და იგივე საგანი ზოგს აცინებს, ზოგს ატირებს. მე მინახავს ერთი მოხუცებული, ღარიბი, შიშველ-ტიტველი, ფეხებდახეთქილი დედაკაცი. ვინ იცის, რა-გვარ უბედურობისაგან ლოთად ჩავარდნილიყო და ლოთობაში სამუდამოდ დაეკარგა თავისი დედაკაცობა და ადამიანობა. მე მინახავს ის საცოდავი დედაკაცი, ქალაქის ბიჭებს დაეჭირათ და ხუთ გროშად მთელი საათი ახტუნებდნენ პამპულასავით. მე მინახავს, რომ იმათში ბევრი იცინოდა და ზოგიერთს კი ამ საცოდავის დედაკაცის მაგ ყოფაზედ გული უტიროდათ. ვინ იყო ამათში მართალი? მოცინარენი, თუ მოტირალენი? ორივენი, იმიტომ რომ ერთნი თვალითა ჰხედავდნენ მარტო და თვალისათვის მართლა სასაცილო იყო, მეორენი კი თვალითაცა და გონებითაცა. გონებას-კი — ძნელად თუ გაეცინება. სჩანს, შეიძლება, რომ ერთი და იგივე ამბავი სატირალიც იყოს და საცინარიცა, — ეგ იმაზედ არის დამოკიდებული, როგორი აგებულებისა ხარ: თუ იმისთანა გონების ძალა გაქვს, რომ, რაც უნდა მწუხარე ჭეშმარიტება იყოს, გულდაგულ შეხვდები, და თუ იმისთანა გულიცა გაქვს, რომ უბედურს და გზა-კვალ-არეულს შეიბრალებ, ამისთანა სასაცილო ამბავი უფრო ხშირად უნდა გატირებდეს შენა, თუ არა და იცინე, რამდენიც გენებოს. იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორი — შენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარს — რომ მე ვითომც ქართველობას ვღალატობ, რადგანაც იმის სასაცილო ამბავს გიამბობ და არა ვმალავ ზოგიერთ გულ-მოკლე პატრიოტივით. ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში — როგორც მოყვარე — გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან. გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ — ეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს.
მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს — რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე — თუ გინდა — მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე მიყივლია და გათენდება თუ არა — ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც იქნებოდა!..
სხვაფრივ მშვიდობით ბძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა...
...
1858 - 1863 წლები
ჩვენში ბევრსა სწამს, რომ თუ ვინც პირველად ქალაქში ჩადის და კენჭს არ ჩაჰყლაპავს, ქალაქი დასცდისო. მეც, ამის დამწერს, გადამაყლაპეს ერთს დროს.
არის ამისთანა ამაოთმორწმუნება ჩვენში, რომ თუ ღვინო დალეული არ შეხვდა პირველად მერცხალს, მერცხალი დაგძლევს. კვიცი რომ დაინახო, მაშინვე ქვაზედ უნდა შედგე, თორემ დაძლეული იქნები, ოფოფს თავდავარცხნილი უნდა დახვდე და სხვა. ლუარსაბს, როგორც ათასს სხვას, ეს დაძლევა ცოდვა ჰგონია, ამიტომაც ეგრე გულმოდგინედ დავითს ღმერთთან აბეზღებს.
პირვანდელი ესკიზი მოთხრობისა ( — ნაწყვეტში „კაკო“) — ეკუთვნის 1858 — 1859 წ.წ. ხოლო ბოლო რედაქცია შესრულებულია 1863 წელს. რედ.