რა ქნას კარგმა მონარდემა,
დროზედ შაში თუ არ მოვა.
I
მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია. თუ გნებავთ, ამასაც კი ვიტყვი, რომ ნადირობა ცოდვაა:
II
ჩვენს სოფელს ქვემოდამ ერთი თხუთმეტიოდე ვერსტი რომ გაგევლოთ, კაი სანადირო ადგილები იყო. რა იქ!.. ყველგან, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სადაც — გლეხისა არ იყოს — „ქრისტე ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბღერტია”, ყველგან კაი ადგილებია. რაც გინდა არის: დაიწყეთ მოხდენილ ირმიდამ და გაათავეთ დარბაისელ გარეულ ღორითა, ან გულისხმიერ დათვითა. ფრინველს ხომ თვლა არ უნდა. მაგრამ, ჩვენ სოფელს ქვემოდამ, რომ ვსთქვი, ის ალაგები მეტად მიყვარდა. კარგად ვიცოდი იმათი ვითარება და შენიშნული, ნათვალევიც მყვანდა იქ ნადირი. ორის-სამის დღით წავიდოდი ხოლმე; როცა დამიღამდებოდა, ავბრუნდებოდი ერთ პატარა სოფელში, სადაც მყვანდა ერთი პატიოსანი გლეხკაცი ნათელ-მირონად. ღამეს იქ გავატარებდი და მეორე დილას, ტრედის-ფრად რომ ინათებდა, დავეშვებოდი თავ-თავქვე სანადიროდ. ორი თვე აღარ ვყოფილვარ იქითკენ, ბოლოს მომინდა წასვლა. ერთ მშვენიერს ზაფხულის დილას ვახსენე ღმერთი, ავიღე ორლულიანი თოფი, დავუძახე ჩემ მეძებარს და წავედი.
იმ ჩემ ნათლიმამის სოფლის სათავეში, ორღობეები რომ იწყებოდა, ზედ საურმე გზის პირას, იდგა ერთი ძველი საბძელი, გომურზედ მოდგმული. გომურის ჩასავალში ჩარდახსავით იყო წინ წამოწეული. ამ საბძლის გარეშემო ადამიანის კვალი არა სჩანდა. ის იყო, მგონია, აყრილის კაცისა, ან ამოწყვეტილისა, თავმინებებული და პატრონსავით დავიწყებული. რასაკვირველია, ხშირად შემხვედრია ამ საბძლისაკენ ავლა და ჩამოვლა, რადგანაც ზედ გზის პირას იდგა, მაგრამ , აი, რამდენჯერ ამივლია და ჩამომივლია, არც ერთხელ არც ერთი სულიერი მე იქ არ დამინახავს. თუ იქნებოდა, ისიც ხანდისხან ზურგწამხდარი, დაჭლევებული გლეხკაცის ცხენი, რომელიც უილაჯობით შორს ვერ წასულიყო და საბძლის გარეშემო სჯიჯგნიდა გოლვისაგან გადამხმარ ბალახსა. ეხლა კი რომ ამოვიარე, ჩემდა გასაკვირველად, დავინახე ერთი კაცი, გომურის კარებთან მიწოლილი. ეგ არაფერი. დილაზედ ჩამოვიარე, შევიხედე, ის კაცი ისევ-ისე მწოლარე დავინახე. საღამოზედ, ჯერ ბინდი არ მოჰრეოდა სინათლესა, ამოვიარე — ის კაცი ისევ-ისე ვნახე. გამიკვირდა უფრო იმიტომ, რომ იმის მეტი იქ არავინ მოჩანდა. დავაპირე, ამაღამ უთუოდ გამოვკითხავ ჩემ ნათლიმამას ამის ვინაობას-მეთქი. ჩემ კითხვაზედ ნათლიმამამ მომიგო:
— რა მოგახსენოთ, შენი ჭირიმე! მაგის ვინაობა აქ არავინ იცის. ეგ ვიღაც გლახა არის, დავრდომილი და უპატრონო; სნეულია, მოსულა და მანდ შეჰკედლებია, აი, ეს თუნდ თვე-ნახევარი იქნება.
— სულ მარტოდ-მარტო არის?
— რა ვიცი, შენი ჭირიმე! მანდ კი გულშემატკივარი არავინა ჰყავს და.
— მაშ ვინ აცხოვრებს?
— ქვეყანა. იმ გზაზედ ხალხის ფეხი არ მისწყდება. ამვლელ-ჩამვლელი არ დაილევა: ერთი ღვთის კაცი იქნება ვინმე და მიუგდებს ორიოდე ლუკმა პურსა. ისიც მეტს არაფერსა ჰთხოულობს, ცარიელ პურითაც იოლად მიდის.
— აქაური ხომ არ არის?
— რასა ბძანებთ!.. აქაური რომ იყოს, ისე როგორ გაუწყრებოდა ღმერთი, რომ თავისიანი არ მიეცა. არა აქაური არ გახლავთ.
— შენ გილაპარაკნია იმ კაცთან?
— რატომ? მილაპარაკნია.
— თავის აფალი არა უთქვამს-რა?
— არა. მაგრამ კაი სიტყვის კაცი კი ყოფილა ის უბედური.
— იქნება შენ თითონ არ გამოგიკითხავს?
— როგორ არ გამომიკითხავს. „მეო,— ერთხელ მითხრა, — ერთი დავიწყებული კაცი ვარ, რად გინდა ჩემი ვინაობა? შემომხედე, ჩემო ძმობილო, და მიცანიო”. სხვა არაფერი უთქვამს თავის თავზედ. მეც აღარა გამომიკითხავს-რა მასუკან. მგონი, თავს იმალავს.
მე გამაოცა ამანა. მე ბუნებითაც ცნობისმოყვარე ვიყავ და ეხლა, იფიქრეთ, ამ ნათლიმამის ნაწყვეტმა სიტყვებმა როგორ აღმიძრეს გული იმ კაცის ამბავის შესატყობრად. რა უნდა ჰქონოდა თავის დასამალავი? — ვფიქრობდი გულში. გავიზრახე, რომ თითონ გლახას, რაც უნდა დამემართოს, გამოვათქმევინო თავისი ვინაობა.
ერთხელ ტყუილ-უბრალოდ ნათრევ-ნახეტი, დაღლილი და ხელცარიელი მოვდიოდი ჩემ ნათლიმამისაკენ. ჯერ მზე ისევ მაღლა იყო, კალოს ხარის გამოშვების დრო იქნებოდა. ის უბედური კაცი, ისევ ისე მწოლარე, იმავე ადგილას დავინახე. ვეღარ მომითმინა გულმა, ვსთქვი, რაც უნდა იყოს, მივალ, იქნება ვათქმევინო რამე: მაინც ცოტად დაღლილი ვარ, ნათლიმამის სახლამდინაც კაი მანძილი იყო კიდევ. სხვა არა იყოს-რა, ქარს მაინც ამოვაღებინებდი დაღლილ მუხლებსა. მივედი, „გამარჯვება” ვუთხარი.
— ღმერთმა გადღეგრძელოთ, — მიპასუხა იმან სნეულის ხმითა და წამოიწივა პატივსაცემლად, რადგანაც თავადის-შვილი ვეგონე.
მე შევნიშნე, რომ ამ წამოწევამ ძალიან შეაწუხა, თითქო ტკივილები აეშალნენო, ისე მტკივნეულად შეიკრიბა წარბები და დაეღმიჭა გაყვითლებული სახე. ის იყო სრულიად დათენთილი სნეულებისაგან. ყვითელი სახე, შიგა-და-შიგ ტყლაპსავით ჩაჩნეული, შეშუპებული ჰქონდა, როგორც წყალმანკის მქონესა, თმა და მოზრდილი ჭაღარა წვერი ჭუჭყისაგან ისე გასქელებოდა, თითქო იმის თმას თავის დღეში არც წყალი მოჰხვედრიაო და არც სავარცხელი. რუსის ფარაჯის ნაგლეჯებში იყო გახვეული ის უბედური, ქვეშ ეშალა ლეკურ ნაბდის ნაგლეჯი. გვერდთ ედგა ერთი პირმოტეხილი ლიტრა, იქავ ეგდო რუსული სხვილი ტილოს თოფრაკი და ერთი მოზრდილი კომბალი — ეგ ერთგული და უმუხანათო თანამგზავრი ყოველის უბედურისა. ძალიან გაქელილი სჩანდა დაუნდობელ ცხოვრებისაგან, მაგრამ იმასში რაღაცა იყო იმისთანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცხოვრების ქარიშხალსა ჯერ კიდევ არ გაუქრია მისის სულის სიცხოვლე და სიძლიერე. მისი დაღლილი და არ-უგონო თვალები, პირქუშად და შეწუხებულად მაყურებელნი, სავსენი იყვნენ სიმტკიცითა და ღონითა; ეტყობოდათ ზედ, რომ ამათ პატრონს ბევრი ცეცხლი უნახავს, ბევრი ავდარი შესწრებია და გამოუვლია, მაგრამ არც ცეცხლს და არც ავდარსა ისე არ მოუკლავთ, როგორც შეეძლოთ. საზიზღარი სანახაობა ჰქონდა, მინდა ვსთქვა, საცოდავიცა, მაგრამ ამის თვალების სიამაყეს ვერ ვაკადრებ მაგას. დიდრონი, შიშველი ფეხები საცოდავად ასიებოდნენ, დახეთქილ წყლულიდამ ჩირქი სდიოდა. ღმერთო, შეგცოდე, ეს რომ დავინახე, თვალი მოვარიდე, ისე მეზიზღა.
— გეზიზღები განა, შე კაი კაცო! — მკითხა დაგვემილის ხმით, მაგრამ მე ის ხმა გამკიცხავ ხმად მეჩვენა. მე შევხედე და ერთი მწუხარე, თუ მძულვარე ჩემი შემარცხვენელი ღიმილი დამხვდა იმის სახეზედა. მე შემრცხვა და მაშინვე თავი დავიხარე, ვერ გავუძელი იმის თვალების მკაცრს მეტყველებას. ვგრძნობდი, რომ ჩემის სულმოკლეობის სირცხვილმა სახეზედ ცეცხლი მომიკიდა ამ კაცის თამამ კითხვაზედ. მე პასუხი არ მივე, და ან რა უნდა მეთქვა?
— მართალი ბძანდები, — განაგრძელა იმ უბედურმა, თითქო მე შევეცოდეო, ჩემს დასამშვიდებლად, — მართალი ბძანდები! ცოცხალ კაცს მატლი მეხვევა!.. თითონ მე მეზიზღება ჩემი თავი, შენი რა საკვირველია!
ამან ვერ დამიშოშმანა სულმოკლე გული, თუმცა, თითქო უგუნური ქცევა ჩემი თითონვე გამიმართლაო. მაგრამ ვაი იმ გამართლებასა!.. გული უფრო ამემღვრა, მე იმ წამს ჩემი თავი შემძულდა, რას ბძანებთ?.. ჩემს წინ ნახევარმკვდარი კაცი იდო, ეგრე უნუგეშოდ დარჩომილი. იმას ისე ეჭირებოდა გულმტკივნეული ქცევა და თბილი სიტყვა, მე კი მხეცურად თვალი მოვარიდე და შევიზიზღე, მოდი აქა და თავი გაიმართლე! უნდა წამოვმდგარიყავი და ბოდიშით შემენანა ჩემი მხეცური ქცევა, მაშინ გავმართლდებოდი, მაგრამ სულის ღონე ჩემი ამ პატიოსნურ საქმისათვის უძლური იყო. სუსტი რომ იქნება კაცი, იქნება!..
— მე ეს ოთხი თვეა, რომ ასე ვარ, — დაიწყო კიდევ, — დამიგდო ავადმყოფობამ და ამ დღემდინ მომიყვანა. ესე უპატრონოდ ამ დაქცეულ ჩარდახის ქვეშ ამომდის სული. ამოდენა დედამიწის ზურგზედ დამტირებელი არა მყავს. სიკვდილსაც ისე დავავიწყდი, როგორც კაცსა: ველი და არ მოდის. ისიც კაცსავით კეთილი ყოფილა: როცა გიჭირს, მაშინ გემალება. ნუ მოვა... მე უფალმა იმოდენა ღონე კიდევ შემარჩინა, რომ ჩემს ბედს ბოლომდინ, საფლავის კარებამდინ მივიტან. ეს კია რომ, სადაური სადა ვკვდები!..
„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?
ყოვლიმც შენი მონდობილი
ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა!
სადაურსა სად წაიყვან,
სად აღუფხვრი სადით ძირსა,
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს
კაცსა შენგან განაწირსა!”
— მართალი უთქვამს ამის მთქმელსა, შენი ჭირიმე! თუ ქვეყანამ პირი უკუმარიდა და არ შემიკედლა, ღვთის კალთა ხომ ფართოა!..
ეს რომ სთქვა, ღმერთს შეჰხედა. მე აბა წარმოიდგინეთ, რა-რიგად გამიკვირდებოდა ძონძებში გახვეულის გლახისაგან ეს „ვეფხვისტყაოსნის” სიტყვები!.. ბარაქალა იმ კაცის მეტყველებას, რომლის სიტყვები ამისთანა უნუგეშოსაც ანუგეშებს საფლავის კარამდინა! მშვიდობა ძლიერსა სულსა შენსა, უკვდავო რუსთაველო!
რა ვქნა? — ვთქვი ჩემს გულში, — ეს კაცი ის არ უნდა ყოფილიყო, რაც ეხლა არის. ცნობისმოყვარეობა ჩემი წრეს გასცილდა, მერე იმანაც სიტყვა თითონვე ისე გამიგრძელა, რომ იმედი მომეცა გამომეთქმევინებინა რამე. მინდოდა მეკითხნა, მაგრამ ვერ გავბედე: შევატყე, რომ დიდი ხნის ცნობილმა ქარმა უეცრად მოჰბერა გამოვლილი სევდა. ჯერ ვამჯობინე, სევდის ღრუბელი გადეყარა, მერე მეკითხნა ვინაობა. ბოლოს ისევ ჩემსკენ მობრუნდა და დიდხანს დამაცქერა შავი თვალები. მე ისე მეჩვენა, ვითომც სახის მეტყველება შესცვლოდა. ეხლა კი დრო იყო, მგონი, დამეწყო საუბარი, მაგრამ ვიფიქრე, ვიფიქრე, როგორ მოვაყოლო, და ვერა მოვაგვარე-რა. ხომ ესეა ეს ოხერი, როცა გიჭირს, ხერხიც მაშინ გეკარგება და ღონეცა. ბოლოს ვთქვი: დავიწყებ, ჯანი გამვარდეს, თუ უხერხოდ მომივა.
— შენ, ძმობილო, — ვუთხარი მონაწილეობით, — აქაური არ უნდა იყო, თორემ თავისიანი როგორ დაგელეოდა?
— მართალი ბძანებაა, — მიპასუხა იმან, — მე აქაური არა ვარ, ჩემი ქვეყანა აქედამ შორს არის, მაგრამ იქაც რომ ვყოფილიყავი, ესე ოხრად ამომივიდოდა სული, იმიტომ, რომ იქაც ისე აღარავინა მყავს, როგორც აქა.
— დიდი ხანია, რაც ამ მხარესა ხარ?
— კარგა ხანია, ბატონო! აი, ხუთი წელიწადი უნდა შესრულდეს ამ შემოდგომაზედ, თუ მანამდინ დამცალდა. დიაღ!.. ხუთი წელიწადი იქნება, რაც სამუდამოდ დამაკარგვინეს ჩემი მიწა-წყალი. თუნდა რომ მე ვაპატიო, ღმერთი მაინც მოჰკითხავს, ვინც ეგ სიკეთე მიყო.
— როგორ თუ დაგაკარგვინეს!.. განა ძალადა ხარ გამოგდებული?
— ეგ რომ გითხრათ, მითამ ჩემი ამბავი მიამბნია.
— თუნდ რომ მიამბო, რა დასაძრახისია?
— არა, განა მაგას მოგახსენებთ, მაგრამ მე არ მინდოდა ჩემი ამბავი ვისთვისმე მეთქო.
ეს ისეთნაირად სთქვა, რომ მე იმედი მომეცა დაწვრილებით თქმევისა, თუ რომ ცოტად მაინც ძალას კიდევ დავატანდი.
— რატომ არ გინდა? რისა გეშინიან?
— ჰმ, — ჩაიცინა გლახამა, — რისა უნდა მეშინოდეს?..
— მაშ რა გაბრკოლებს? სთქვი, თუ ღმერთი გწამს, — დავეღრიჯე მე, რომ ვერა გავხდი-რა, — რა წამსაც დაგინახე, ღმერთია მოწამე, გული შენკენ მომიბრუნდა, თუმცა...
— თუმცა რა?
— არაფერი... მე მინდოდა მეთქვა, რომ შეგატყე, წუთის-სოფლისაგან დაჩაგრული ხარ, — გავუსხვაფერე მე სიტყვა, — მიამბე, ვინა ხარ, გულნაკლულად ნუ გამიშვებ...
— ვინა ვარ?... — მომიგო მან და შედგა, თითქო თქმა არ უნდაო.
1859 წ. პეტერბურგი
(1862 - 1873 წ.)
პირვანდელი ვარიანტი მოთხრობისა “გლახის ნაამბობი” შესრულებულია 1859 წელს; ხოლო ბოლო რედაქცია ეკუთვნის: I — VI თავები 1862 წელს, VII — XII თავები 1872 — 1873 წლებს. რედ. 1